კუცია-ღვალაძე თამარ ნესტორის ასული (22.II. 1902, აბაშა, – 26. XII. 1986, თბილისი), მკვლევარი, ბიბლიოგრაფი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართ. მუს. ხელოვნებისა და ბოტანიკური მეცნ. ბიბლიოგრაფიული კვლევის ფუძემდებელი. საქართველოს საპატიო (1960) და საქართვ. დამს. (1962) ბიბლიოთეკარი. საქართვ. კულტურის დამს. მოღვაწე (1967). დაამთავრა თსუ-ის სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტი (1925). 1925 კ.-ღ-ის თანაავტორობით გამოიცა მნიშვნელოვანი ბიბლიოგრ. ნაშრომი „ტფილისის ბიბლიოთეკების ქართული წიგნების შეერთებული კატალოგი“. 1930– 34 მუშაობდა თბილ. საჯარო ბ-კაში (ამჟამად საქართვ. პარლამენტის ი. ჭავჭავაძის სახ. ეროვნ. ბ-კა) ცენტრ. წიგნსაცავის გამგის მოადგილედ და სწავლულ მდივნად, 1934–38 – ამავე ბ-კის იშვიათი წიგნების განყ-ბის გამგედ. 1938–42 იყო ს.-ს. ორბელიანის სახ. სახელმწ. წიგნის პალატის მთ. ბიბლიოგრაფი, მონაწილეობდა „ ქართული წიგნის“ I (1629–1920; გამოიცა 1941) და II (1950–51) ტომების შედგენაში. 1945–71 იყო საქართვ. მეცნ. აკად. თბილ. ბოტანიკის ინ-ტის სამეცნ. ბ-კის გამგე, იმავდროულად (1945–51) – თბილ. ცენტრ. ბოტანიკური ბაღის სამეცნ. ბ-კის გამგე. 1947 გამოიცა კ. ღ-ის ფუძემდებლური ნაშრომი „ ქართულ მუსიკალურ ნაწარმოებთა ბიბლიოგრაფია“ (რედ. გ. ჩხიკვაძე), 1956 – „თბილისის ბოტანიკის ინსტიტუტის პერიოდულ გამოცემათა სტატიების ბიბლიოგრაფია“, ხოლო 1960 – „თბილისის ბოტანიკური ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების ბიბლიოგრაფია“. 1946–75 იყო საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის პრეზიდიუმის საბიბლიოთეკო სამეცნ. საბჭოს წევრი. კ. ღ. ასევე ეწეოდა ლიტ. მოღვაწეობას. არის ლექსებისა და მხატვრული ნარკვევების ავტორი.
ლიტ.: მიქაძე გ., ღვაწლმოსილი ბიბლიოგრაფი, „წიგნის სამყარო“, 1986, №7; ნაკაშიძე თ., ქართული მეცნიერული ბიბლიოგრაფიის მოჭირნახულე, თბ., 1992.
ლ. ურუშაძე