კუჭავა ზურაბ ზურაბის ძე (დ. 01. 01. 1962, თბილისი), სპორტსმენი, (მთამსვლელი). საქართვ. სპორტის დამსახ. მოღვაწე (2013). დაამთავრა თსუ-ის გამოყენებითი მათემატიკისა და კიბერნეტიკის ფაკ-ტი (1984). მონაწილეობდა და შესრულებული აქვს მრავალი რთული ასვლა საქართვ. ნაკრებისა და დამოუკიდებელი ექსპედიციების შემადგენლობებში (1990–98): კომუნიზმის პიკი (7495 მ), ლენინის პიკი (7134 მ), ხან-თენგრი (6995 მ), მანასლუ (ჰიმალაი, 8163 მ). 1993 იყო საერთაშ. ალპ. ცენტრის „ტიან-შანის” ინსტრუქტორი (ხელმძღვ. ვ. კომისაროვი). ასევე შესრულებული აქვს მრავალი ასვლა კავკასიონის მწვერვალებზე (მყინვარწვერი, უშბა, შხარა და სხვ.), მ. შ. პირველგავლები: ჭაუხი – ასათიანის სვეტით 6 (1995), შხარა მთავარი – უშგულის კედლის ცენტრით 6B (1996-იდან), მყინვარწვერი – ზამთრის ასვლა გველეშაპის კედლით 5A (2003).
კ. არის მთამსვლელობის სკოლის დამაარსებელი და ხელმძღვანელი (1996), ასევე კ. ალპინისტური ასოციაციების საერთაშ. გაერთიანების (UIAA) ახალგაზრდული კომისიის საქართველოს წარმომადგენელი (2001-იდან). 2001–07 იყო საქართველოს მთამსვლელობისა და კლდეზე ცოცვის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, 2007-იდან კი არის ამავე ასოციაციის პრეზიდენტი.
შ. მირიანაშვილი