კუჭატანი, სოფელი კახეთის რეგიონის ყვარლის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ვაკეზე, მდ. ალაზნის მარცხ. მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: კ., სანავარდო, წიწკანაანთსერი). ზ. დ. 280 მ, ყვარლიდან 10 კმ, მუკუზნიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 15 კმ. 467 მცხ. (2014).
სოფელში დგას გვიანდელი შუა საუკუნეების არქიტექტურის ძეგლი – წმ. გიორგის დარბაზული ეკლესია, რ-იც ნაგებია ნატეხი ქვითა და აგურით. შესასვლელი სამხრ-ითაა. ეკლესიის შიგა სივრცე აღმ-ით დასრულებულია ოდნავ ნალისებრი აფსიდით.
რესტავრაცია ჩაუტარდა 2014. სოფლის განაპირას მდებარეობს ამავე პერიოდის ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია. ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. სამხრ-იდან და დას-იდან, მთელ სიგრძეზე, გვიანდ. მინაშენები ეკვრის. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: სამხრ-იდან (მინაშენიდან) და დას-იდან. ეკლესიის შიგა სივრცე აღმ-ით დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, რ-ის ღერძზე თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. ეკლესიის დას. ფასადის ფრონტონის წვერზე დაშენებული ყოფილა პატარა ოთხწახნაგა სამრეკლო, რ-ის საფუძველიღაა დარჩენილი.
ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, წგ. 1I, თბ., 2013.