კუჭუხიძე ალექსანდრე ალექსანდრეს ძე (30. VI. 1921, სოფ. ნაესაკაო, ახლანდ. აბაშის მუნიციპალიტეტი, – 16. X. 2013, თბილისი), ინჟინერ-ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1972), პროფესორი (1976), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1990), საქართვ. ჟურნალისტთა კავშირის (ახლანდ. ფედერაციის) წევრი (1958), პუბლიცისტი. დაამთავრა თბილ. რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინრების ინ-ტის საექსპლოატაციო ფაკ-ტი (1948). იყო საქართვ. საგეგმო კომიტეტთან არსებული სახალხო მეურნეობის ეკონ. და დაგეგმვის სამეცნ-კვლ. ინ-ტის განყ-ბის გამგე (1967–73), თსუ-ის საინჟ.-ეკონ. ფაკ-ტის პროფესორი, დეკანი, კათედრის გამგე (1968–90), საქართვ. საინჟინრო-ეკონ. ინ-ტის (შემდგომში ჰუმანიტარულ-ეკონ. უნ-ტი) დამფუძნებელი და რექტორი (1991–2012), საქართვ. ბიზნესის მეცნ. აკად. დამფუძნებელი და პრეზიდენტი (1995–2013); გაზ. „განათლება, მეცნიერება, ბიზნესის“ (1996–2008), ასევე საქართვ. ბიზნესის მეცნ. აკად. ჟურნ. „მოამბის“ (1996–2013) დამფუძნებელი, გამომცემელი და მთ. რედაქტორი.
კ. სამეცნ. ნაშრომების, მ. შ. მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების ავტორია. მისი სამეცნ. შრომები ეხება ტრანსპ., მშენებლობის, კავშირგაბმულობის, მომსახურების სფეროს განვითარების ეკონ. პრობლემებს. იყო სენაკისა (1997) და აბაშის (2001) საპატიო მოქალაქე. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1996).
თხზ.: საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის ეკონომიკისა და დაგეგმვის საკითხები, თბ., 1971; ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის ეკონომიკის საფუძვლები, თბ., 1987; მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოთა ორგანიზაცია და დაგეგმვა, თბ., 1991 (თანაავტ.); პოსტსაბჭოური საქართველოს პოლიტიკური ასპექტები, თბ., 2001 (თანაავტ.).