კუჭუხიძე ილია ვასილის ძე (18. VI. 1906, სოფ. აბასთუმანი, ახლანდ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, – 26. V. 1992, კირჰაიმი, გერმანია), მწერალი, ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე და ჟურნალისტი. მიუნხენის უნ-ტის ფილოს. დოქტორი (1953). დაამთავრა ბათუმის ჰუმანიტარული ტექნიკუმი (1924) და თსუ-ის სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტი (1928). 1941 კ. ფრონტზე გაიწვიეს. 1942 ტყვედ ჩავარდა. ძველ ემიგრანტთა წყალობით ტყვეობას თავი დააღწია. თავდაპირველად პოლონეთში მოხვდა, 1943–45 კი მუშაობდა ბერლინში გაზ. „საქართველოს“ და ჟურნ. „ქართველი ერის“ რედაქციებში. 1945-იდან ცხოვრობდა დას. გერმანიაში. 1953–71 მსახურობდა რადიო „თავისუფლების“ ქართ. რედაქციაში. სიცოცხლის ბოლომდე მიუნხენის უნ-ტის ფილოს. ფაკ-ტზე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას, ასწავლიდა ქართ. ენასა და ლიტერატურას. ევროპის წამყვან ენციკლოპედიებში (მ. შ. „ბრიტანიკაში“) გამოქვეყნებულია კ-ის საყურადღებო წერილები და ნარკვევები საქართველოს, აგრეთვე კავკ. ისტორიასა და კულტურაზე. ქართ. ემიგრანტულ პრესაში თანამშრომლობდა ფსევდონიმებით: ი. იმერიძე, ალეკო ლორია, მინდია ლაშაური. კ-ის მიუნხენში გამოქვეყნებული მხატვრული და ისტ. ხასიათის თხზულებებიდან აღსანიშნავია: „საქართველოს მე-19 და მე-20 საუკუნეების ისტორია“ (1957), „წმინდა ნინო – ქართველთა განმანათლებელი და ქრისტიანობის როლი საქართველოში“ (1959), „ქართული სული“ (I. II; 1956, 1961); „კოლხთა მეფე გუბაზ მეორე“ 1972); „ფიქრები საქართველოზე“ (რჩეული მოთხრობები და ლექსები, 1985); „უტუ მიქავა“ (ისტორიული მოთხრობა, 1986).
ლიტ.: ინასარიძე შ., დაბრუნებული „ქართული სული“, ილია კუჭუხიძის დაბადებიდან 100 წლისთავისათვის, «საქართველოს რესპუბლიკა», 2006, 3 ივნ., შარაძე გ., უცხოეთის ცის ქვეშ, ტ. 1, თბ., 1991.
ლ. ურუშაძე