კუჭუხიძე მედეა შალვას ასული (დ. 10. VII. 1937, თბილისი), თეატრის რეჟისორი. საქართვ. ხელოვნების დამს. მოღვაწე (1976), საქართვ. სახ. არტისტი (1987). 1961 დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის სარეჟ. ფაკ-ტი (ხელმძღვ. მ. თუმანიშვილი), 1962–71 და 1999–2003 პედ. მოღვაწეობას ეწეოდა იქვე. 1964-იდან მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორია.
კ-ის რეჟისურა ხასიათდება თამამი შემოქმედებითი ძიებებით, მრავალფეროვანი მასალის მიმართ ინტერესით და მხატვრული იდეის სიღრმისეული წვდომით. კ-ის მიერ დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია, მარჯანიშვილის თეატრში: ჩ. დიკენსის „დიდი იმედები“, ჯ. იოსელიანის „ტაკიმასხარა“ და „საქართველოს უკანასკნელი დედოფალი“, გონძა მონ ჩიკამაცუს „შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე“, რ. გაბრიაძისა და პ. ჩარკვიანის „ფეოლა“, პ. კაკაბაძის „სამი ასული“, „ტყის ქალები“ და „პორტოპოლოს ტუსაღები“, ტ. უილიამსის „იგუანას ღამე“, ა. აფინოგენოვის „შიში“, კ. ვოიტილას „ოქრომჭედლის სახელოსნოს წინ“, ძი-იუნის „დიადი მცირეში“ და სხვ.; სოხუმის ქართულ თეატრში: ე. შვარცის „თოვლის დედოფალი“, ვ. კორასტილიოვის „მე მჯერა შენი“, ნ. დუმბაძის „მე ვხედავ მზეს“; გრიბოედოვის თეატრში: ფ. გუდრიჩის, ა. ჰაკეტის „ანა ფრანკის დღიური“; რუსთაველის თეატრში: ტ. უილიამსის „შუშის სამხეცე“.
კ. ავტორია პიესებისა („ყბედი თუთიყუში“ და „ზღაპარ იყო“) და სამეცნ. შრომებისა: „მსახიობის ინდივიდუალობა“, „თანამედროვე თეატრის სტანდარტიზაცია“, „თეატრალური მიმდინარეობა ანტიშექსპი-რიზმი“, „XX ს. დასაწყისის ავანგარდთან შერწყმული ევროპული პოსტმოდერნიზმის ეპიგონური გამოხმაურებები ქართულ თეატრში“ და სხვ. კ-ის სპექტაკლები ხელს უწყობდა კულტურათა შორის დიალოგს. ამ მხრივ აღსანიშნავია აღმოსავლურ თეატრ. კულტურასთან დაახლოება (გასტროლები ქ. ტოკიოში, იოკოჰამასა და ამაგასაკში). მისივე ინიციატივით 1987 თბილისში მოეწყო „კაბუკის“ თეატრის გასტროლები. კ-ს ასევე შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ნორა ბერკი (ჯ. სინგის „ბინდი ველზე“; თეატრ. ინ-ტი, 1957), კამილა (ა. მიუსეს „სიყვარული სახუმარო არ არის“; მარჯანიშვილის თეატრი, 1969), მერეი (ა. კრონინის „იუპიტერი იცინის“; სატელევიზიო დადგმა, 1970).
მიღებული აქვს კ. მარჯანიშვილის სახ. პრემია (1983) და ღირსების ორდენი (2000).