კუხიანიძე თეიმურაზ მაქსიმეს ძე (8. VII. 1934, თბილისი, – 29. VIII. 1961, ტიან-შანი, მწვ. გამარჯვების პიკი), სპორტსმენი (ალპინიზმი). დაამთავრა თსუ-ის გეოგრაფია-გეოლ. ფაკ-ტი და მუშაობა დაიწყო იქვე მეცნიერ მუშაკად. იგი აგრეთვე მისდევდა მძლეოსნობას, სათხილამურო სპორტს. ცურვაში იყო საქართვ. ჩემპიონი. ალპინიზმით 1952 დაინტერესდა და მონაწილეობა მიიღო იმ დროს ჩატარებულ თითქმის ყველა ლაშქრობაში. ორჯერ (1957) დარვაზის ქედის ტრავერსის, 1960 კი პამირის ზულუმარტისა და იმერალის ტრავერსების დალაშქვრისათვის ჩემპიონის ტიტული მიენიჭა და ოქროს მედლით დაჯილდოვდა. 1956 მოსკოვის პიკის დაპყრობისათვის გადაეცა ვერცხლის მედალი. დაიღუპა ტიან-შანის მწვერვალის დალაშქვრის დროს.
დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტ.: ბაბუნაშვილი ზ., ნოზაძე თ., მამულიშვილთა სავანე, თბ., 1994.