კუხიანიძე მელიტონ სოფრომის ძე (19. IX. 1872, სოფ. მესხეთა, ქუთაისის მაზრა, - 8. VI. 1951, თბილისი), ლოტბარი, პედაგოგი. საქართვ. დამს. არტისტი (1932). 1904 დაამთავრა პეტერბურგის სამეფო კართან არსებული კაპელის კურსების საგუნდო-სადირიჟორო განყ-ბა, 1895-იდან დააარსა მომღერალთა გუნდი ვლადიკავკაზში, 1907-იდან იყო თერგის სასწ. სემინარიის (ჩრდ. კავკასია) სიმღერა-გალობის მასწავლებელი. ხელმძღვანელობდა თბილისში არსებულ ქართ. ფილარმონიული საზ-ბის მუსიკის მოყვარულთა ჯგუფს. 1918 მიიწვიეს ქუთ. ახალგახსნილ სამუს. სასწავლებლის პედაგოგად (მუსიკის თეორია, სოლფეჯიო, მუს. ისტორია). 1921 ბათუმში კ-მ დ. ყუბანეიშვილთან ერთად დააარსა პირველი ეთნოგრ. ჯგუფი, რ-საც 1925 აჭარის სახელმწ. აკად. გუნდის სახელი მიენიჭა – 1934-მდე იყო მისი ლოტბარი. 1934 კ-მ ჩამოაყალიბა საქართვ. სახელმწ. კაპელა და იყო მისი ხელმძღვანელი (ლოტბარი ნ. შარაშენიძე), 1937 – მოსწავლეთა საბავშვო კაპელა 100 ბავშვის შემადგენლობით, 1944 – აჭარის სიმღერისა და ცეკვის აკად. ანსამბლი (იყო მისი სამხატვრო ხელმძღვანელი). 1952 ანსამბლს მ. კუხიანიძის სახელი მიენიჭა.
ლიტ.: გოგოლაძე ქ., პროფესიული სამუსიკო განათლების დაფუძნება აჭარაში (1928–2018), ბათ., 2018.