კუხიანიძე სიმონ ბართლომეს ძე (1. II. 1906, ქუთაისი, – 13. III. 1983, იქვე), საოპერო მომღერალი (ბანი), პედაგოგი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1966). დაამთავრა ქუთაისის მუს. სასწავლებლის ვოკალ. ფაკ-ტი. სწავლა განაგრძო თბილ. კონსერვატორიაში, პედ. ე. ვრონსკის კლასში (ვოკალი). მალე იგი გახდა საოპერო სტუდიის, აგრეთვე რადიოკომიტეტის სოლისტი, 1934-იდან – საქართვ. ფილარმონიასთან შექმნილი პირველი ვოკალური კვარტეტის წევრი (ლ. გერმესაშვილთან, ვ. ბექაიასა და შ. ცირღილაძესთან ერთად). კ-მ ქუთაისის მუს. სასწავლებელში დააარსა საოპერო კლასი, პარალელურად, 1949-იდან იყო ქუთაისის მომღერალთა აკად. გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთ. დირიჟორი. აღზარდა მომღერალთა არაერთი თაობა. ოპერის თეატრში კ-ს მიერ შესრულებული პარტიებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ცანგალა, აბიო (ზ. ფალიაშვილის „დაისი“, „აბესალომ და ეთერი“), მაკარი, საქო (ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“), მგოსანი (დ. არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“), ვაგნერი (შ. გუნოს „ფაუსტი“), ბონზა (ჯ. პუჩინის „ჩიო-ჩიო-სანი“) მორევერი (ჯ. მეიერბერი „ჰუგენოტები“), ბარტოლო, ლეპორელო (ვ. ა. მოცარტის „ფიგაროს ქორწინება“, „დონ ჟუანი“) და სხვ.
ლიტ.: მჭედლიძე დ., ქართველ მომღერალთა სამი თაობა, თბ., 1968.