ბინქარანი, მოგვთა (ცეცხლის მსახურთა) უფროსი მცხეთაში V ს. II ნახევარში.
ირანის ხელისუფლებმა გამოგზავნეს ქართლში ცეცხლთაყვანისმცელობის (მაზდეანობის) გასავრცელებლად. ქართულ წყაროებში ბ. მოიხსენიება „ეპისკოპოსად“. ბ-სა და მის ხელქვეით მოგვებს არაერთი ქრისტიანი ქართველი გადაუბირებიათ, თუმცა სრული წარმატება ბ-ს არ ჰქონია, რადგან საქართველოს მთავრობამ მას დაუპირისპირა ქრისტიანობის აქტ. მქადაგებელი მიქაელ ეპისკოპოსი.
ბ. დიპლომატ-შუამავლის როლსაც ასრულებდა ირანისა და ქართლის სამეფო კარს შორის. V ს. 80-იან წლებში, ირანელთა წინააღმდეგ ქართლის აჯანყების დროს, ბ. ვახტანგ გორგასალმა დააპატიმრა. იგი საპყრობილიდან გაიქცა და სიკვდილით დასჯას გადაურჩა. მისი ხელქვეითი მოგვები კი ზოგი ამოწყვიტეს, ზოგი გააძევეს.
ბ. მოკვდა ქართლის საზღვართან, როცა ირან. ჯარს წინ მოუძღოდა.
წყარო: ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.
ბ. ლომინაძე