ვერცხლი

ვერცხლი (Argentum), Ag, ელემენტთა პერიოდული სისტემის I ჯგუფის ქიმიური ელემენტი. ატ. ნომერი 47, ატ. მასა  107,8682.

ისტორიული ცნობა. ვ. ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულში ეგვიპტეში, სპარსეთსა და ჩინეთში. ანტიკური ხანიდან მოყოლებული, ვერცხლის მოპოვების ცენტრებმა ევროპაში გადაინაცვლა. 1447, ე. წ. „წმინდა გიორგის” მაღაროებში (შნეებერგის საბადო, საქსონია, გერმანია, აღმოჩენილ იქნა თვითნაბადი ვ., რ-ის მასა 20 ტ აღწევდა. კოპენჰაგენის მუზეუმში (დანია) ინახება თვითნაბადი ვ-ს ნიმუში მასით 254 კგ, რ-იც 1666 კონგსბერგის (ნორვეგია) საბადოში იპოვეს. 1894 შახტიდან „Smuggler Mine” ამოღებულ 1065 კგ მასის ნიმუშიდან 835 კგ სუფთა ვ. გამოადნეს. კანადის პარლამენტის შენობაში ინახება კობალტის (კოლორადო, აშშ) საბადოებში ნაპოვნი თვითნაბადი ვ-ის ფირფიტა, რ-ის მასაა 612 კგ. აქვე მოპოვებულ მეორე ფირფიტას „ვერცხლის ტროტუარი უწოდეს” – მისი სიგრძე 30 მ-ს აღწევდა და სიღრმეში 18 მ-მდე ჩადიოდა. ამ ფირფიტიდან 20  ტ ვ. გამოადნეს. ჩანიარკილის (ჩილე) XVI ს. იპოვეს თვითნაბადი „ფირფიტა” მასით 1420 კგ.

ამერიკის კონტინენტის კოლონიზაციის დასაწყისში 1527 ესპანელმა სებასტიან კაბოტმა „Rio de la Plata” (ესპანურად „ვერცხლის მდინარე”) უწოდა მდინარეს, რ-ის ნაპირებზე მკვიდრ მაცხოვრებლებს ვ-ის დიდი რაოდენობის ნაკეთობები წაართვეს. შემდგომში ეს სახელწოდება მთელ ქვეყანაზე გავრცელდა. ესპანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ (1826) ქვეყანას არგენტინა ეწოდა.

ვ. ბუნებაში. დედამიწის ქერქში ვ-ის საშ. შემცველობა (კლარკი) მასის მიხედვით შეადგენს 7•10-  6%, ზღვის წყალში 3 • 10-  8%. ვ. ძირითადად გვხვდება საშუალო და დაბალტემპერატურული ჰიდროთერმული საბადოების [დედამიწის წიაღში ცირკულირებად ცხელ (700–600 °C-იდან 50–20 °C-მდე) მინერალურ წყლებში გახსნილ ნივთიერებათა დალექვისას წარმოქმნილი მთამადნეულის საბადოები], აგრეთვე – სულფიდური საბადოების გამდიდრებულ ზონებში, იშვიათად – დანალექ ქანებსა (ნახშიროვან ნივთიერებათა შემცველი ქვიშაქვები) და ვერცხლის ქვიშრობებში. ცნობილია 50-ზე მეტი ვ-ის შემცველი მინერალი.

ვ. ბუნებაში მოიპოვება ორი მდგრადი იზოტოპის ნარევის სახით: 107Ag  და 109 Ag. ვ. ერთ-ერთი ყველაზე დეფიციტური მასალაა. ვ-ის მდიდარი საბადოებია ამერიკის კონტინენტზე. 2013 მონაცემებით, ვ-ის მსოფლიო მარაგი ფასდება 540 ათ. ტ.

ფიზიკური და ქიმიური თვისებები. ვ. თეთრი ფერის პლასტიკური ლითონია, კარგად პრიალდება, განეკუთვნება კეთილშობილურ ლითონებს. ხასიათდება მაღალი ელექტრო და სითბოგამტარობით, არეკვლის საუკეთესო უნარით (უახლოვდება 100 %).

ვ-ს აქვს ელემენტთა პერიოდული სისტემის I ბ ქვეჯგუფის ელემენტისათვის დამახასიათებელი ქიმ. თვისებები. ნაერთებში ჩვეულებრივ, ერთვალენტიანია. მოთავსებულია ძაბვის მწკრივის ბოლო რიგში. ჩვეულებრივ ტემპერატურაზე ვ. O2, N2, H2-თან არ ურთიერთქმედებს. თავისუფალი ჰალოგენებისა და გოგირდის მოქმედებით ვ-ის ზედაპირზე წარმოიქმნება მცირედ ხსნადი ჰალოგენებისა და სულფიდის Ag2S (რუხი-მოშავო ფერის კრისტალები) დამცავი აფსკი. ატმოსფეროს გოგირდწყალბადის (H2S) გავლენით ვ-ის ნაკეთობათა ზედაპირზე თხელი აფსკის სახით Ag2S წარმოიქმნება, რაც ამ ნაკეთობათა გამუქებას იწვევს.

ვ-ის ქვეჟანგი Ag2O და ჟანგი AgO მდგრადი ჟანგეულებია.

ვ-ის მიღება. ვ-ის დაახლ. 80% მიიღება პოლიმეტალური მადნებისაგან, აგრეთვე ოქროს, სპილენძის და ტყვია-თუთიის მადნების გადამუშავებით. ვ-ისა და ოქროს მადნებისგან მეტალური ვ-ის გამოსაყოფად იყენებენ ციანირებას. სპილენძისა და ტყვია-თუთიის მადნებისაგან ამოღებულ ვ-ს შეადნობენ (დორეს შენადნობი) და ელექტროლიტურ დახალასებას ჩაუტარებენ. ვ-ის გამოყოფა შესაძლებელია უფრო ახ. მეთოდებითაც. მაგ. იონგაცვლითი ფისებითა და თხევადი ექსტრაქციით.

ვ-ის გამოყენება. ვ., მიუხედავად სიძვირისა, ფართოდ გამოიყენება ტექნიკაში. მის მრავალ ნაერთს იყენებენ კინო და ფოტომასალის წარმოებაში. რადიოდეტალების ვ-ით დაფარვა აუმჯობესებს მათ ელექტროგამტარობასა და კოროზიულ მედეგობას. ვ-ის მინაზე დაფენით მიიღება მაღალი ხარისხის სარკეები. ვ-ისგან მზადდება ვერცხლ-თუთიისა და ვერცხლ-კადმიუმის აკუმულატორების ელექტროდები, ვ-ის კონტაქტები ელექტრონული მრეწველობისათვის, ლაბორატორიული და საყოფაცხოვრებო სადენები და სხვ. ტიტანისა და მისი შენადნობების რჩილვისას იყენებენ ვ-ის სარჩილავს. ვ. კატალიზატორის როლს ასრულებს ორგ. და არაორგ. სინთეზის დროს. მისი იონები სპობს ბაქტერიებსა და ასტერილებს სასმელ წყალს. კვების მრეწველობაში ვ-ს იყენებენ ხილის წვენების დასამზადებელ აპარატებში.

ვ. ხელოვნებაში. ლითონის ათვისების ეპოქებიდან მოყოლებული, ვ., ოქროსთან და ბრინჯაოსთან ერთად, ფართოდ გამოიყენებოდა დეკორ. ხელოვნებაში. ძვ. წ. III ათასწლეულიდან ვერცხლის მხატვრული ნაკეთობები იქმნებოდა შუამდინარეთში, ანატოლიაში, კავკასიაში. ვ-ის გამოყენებას ხელოვნებაში მისი პლასტ. თვისებების გარდა, ხელი შეუწყო ძველ სამყაროში გავრცელებულმა ძვირფას ლითონთა მისტიკური ძალის რწმენამ. ძვ. ტრად. თანახმად, ოქრო და ვ-ი ღვთაებრივ ენერგიას შეიცავს. ძველ აღთქმაში ტაძართა შემკობაში ვ-ის გამოყენების არაერთი მაგალითია მოყვანილი (მაგ., სოლომონის ტაძრის აღწერა).

სხვადასხვა ისტ. ეპოქის ვ-ის მხატვრული ნაკეთობები (სარიტუალო და სახმარი ჭურჭელი, სამკაულები, საეკლ. ნივთები) ფართოდ არის გავრცელებული.

ვ-ის დამუშავების ურთულესი ტექ. და მხატვრული ხერხები თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ყველა ხალხი, საკუთარი მხატვრული ტრად. შესაბამისად, ორიგინ. ტექნოლოგიით, ვ-ის რელიეფური და გრავირებული სახეებით შემკულ ორიგინ. მხატვრულ ნაკეთობებს ქმნის.

საბერძნეთმა და რომმა, ბიზანტიამ და ირანმა, რომანული და გოტიკური ეპოქების დას. ევრ. ქვეყნებმა შემოგვინახეს ვ-ის მხატვრულ ნაკეთობათა უმდიდრესი საგანძური.

საქართველოში ვ-ის მხატვრული დამუშავება ქართ. ხელოვნების ერთ-ერთი უმთავრესი და უძველესი დარგია და არსებობის რამდენიმე ათასწლეულს ითვლის. საქართველომ უდიდესი წვლილი შეიტანა ლითონ-მქანდაკებლობის განვითარებაში როგორც კავკასიაში, ისე ახლო აღმოსავლეთში. უძველესი წერილობითი წყაროები მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს ქართველთა ტომებში ლითონის დამუშავების ხელოვნების შესახებ. ქართველური ტომები შესანიშნავ იარაღსა და მაღალმხატვრულ ჭურჭელს ამზადებდნენ. ამას მოწმობს ასურეთის მეფე სარგონ II-ის წარწერა (ძვ. წ. 714), რ-შიც ჩამოთვლილია „თაბალთა ქვეყანაში” მოპოვებული ოქროსა და ვ-ის მხატვრული ნაკეთობანი. ხელოვნ. ამ დარგის განვითარებას ხელი შეუწო ქვეყანაში ძვირფას ლითონთა საბადოების არსებობამ, რაც დადასტურებულია ძვ. ავტორთა თხზულებებში (სტრაბონის „გეოგრაფია”). ამასვე ამტკიცებს ბერძნ. მითი ოქროს საწმისის შესახებ, რ-იც ძვ. ბერძნ. ავტორთა აზრით, კოლხეთში რეალურ ვითარებას ასახავდა. ბიბლიაში მოხსენიებულია ქართველთა წინაპარი, „თუბალ-კაენი, მჭედელი რვალისა და რკინისა” (დაბადება, IV, 22).

ვ-ის მხატვრული დამუშავების ისტორია საქართველოში რამდენიმე ისტ. ეტაპს მოიცავს: თრიალეთის კულტურასთან დაკავშირებული უძველესი პერიოდი, ანტ., გვიან ანტ. ხანა და შუა საუკუნეები.

თრიალეთში მოპოვებული ვ-ის ნივთები (ფრიზებიანი თასი, სარწყული) ტორევტიკის უძველესი ნიმუშებია საქართველოში. ეს საკულტო-სარიტუალო ნივთები თავიანთი მხატვრული თავისებურებებით, პლასტ. კომპოზიციების დახვეწილობით, ორიგინ. სიმბოლური არსით ძვ. სამყაროს გამორჩეული ნაწარმოებებია. თრიალეთის ვ-ის ნივთების მხატვრული ხასიათი, სტილი მჭიდრო კავშირს ავლენს წინა აზიის უძველეს ხელოვნებასთან.

მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია ანტ. საქართველოს (ძვ. წ. V–IV სს.) ვ-ის მხატვრული ნაკეთობანი. ორიგინალურად დეკორირებული ვ-ის ჭურჭელი (ყაზბეგი, ახალგორი, ვანი) გამოირჩევა მაღალი მხატვრული გემოვნებით, ტექ. ოსტატობით, თავისებური დეკორატიულობით. ამ მხატვრულ ნაკეთობებში საინტერესოდ აისახა საქართველოსა და ანტ. სამყაროს ურთიერთკავშირი. ანტ. ეპოქის სხვადასხვა ეტაპის ძეგლები საქართველოში სხვადასხვა სისრულითაა წარმოდგენილი. განსაკუთრებული სიმდიდრით გამოირჩევა საქართველოს გვიან. ანტ. ხანის (I–III სს.) ვ-ის საგანძური. არქეოლ. გათხრების შედეგად ვ-ის მრავალი ნიმუშია აღმოჩენილი როგორც დას. საქართველოში (სარგვეში, თაგილონი, ხაიში, კვაშხიეთი, ურეკი), ისე აღმ. საქართველოში (არმაზისხევის პიტიახშთა სამაროვანი, ბაგინეთი, ბორი, ზღუდერი, ერწო, ჟინვალი), რაც ანტ. ხანის საქართველოში ჭედური ხელოვნ. მძლავრი კერის არსებობას ადასტურებს. საქართვ. გვიანანტიკური ხანის ვ-ის ნაკეთობანი ნაირგვარია თავისი დანიშნულებით, ფორმითა და მხატვრული ხასიათით (ლანგრები, დიდი ორნამენტული თასები, სხვადასხვა ფორმის კათხები და სასმისები, ფიალები, სურები, ავეჯის მოჩუქურთმებული ნაწილები). ვ-ის ნაკეთობებში რამდენიმე ჯგუფი გამოიყოფა: მკაფიო თავისებურების მქონე ადგილ. ნაწარმი, რომაული ტორევტიკის ძეგლები, ადგილ. სახელოსნოებში ელინისტურ-რომაული ნიმუშების მიხედვით შექმნილი ნივთები, აღმოსავლური იერის ნაწარმოებები.

ვერცხლეულის ცალკეულ ჯგუფებში ადგილ. მხატვრული ცენტრებისათვის დამახასიათებელი მხატვრულ-სტილური ნიშნებია გამოვლენილი. ასეთებია ვ-ის სურები, ფიალები სამსხვერპლოს წინ მდგარი ცხენების გრაფ. გამოსახულებებით (ბორი, არმაზისხევი, ზღუდერი, ჟინვალი), ვ-ის გარსაკრავიანი ხის მოჩუქურთმებული ფეხები ტახტისა (ბაგინეთი) და სარეცლისათვის (არმაზისხევი, ბორი, ზღუდერი, ჟინვალი).

საქართვ. ანტ. ხანის ტორევტიკის ყველაზე გვიანდ. ძეგლები IV ს. დასაწყისს მიეკუთვნება. შუა საუკუნეების ვ-ის ყველაზე ადრეული ქართ. ძეგლებია მარტვილის ენკოლპიონი (VIII–IX სს.) და ზარზმის ფერისცვალების ხატი (886) – ჭედური ხელოვნების უნიკალური ნიმუშები, მაღალგანვითარებული მხატვრული აზროვნების ნაყოფი. დღეისათვის შუა საუკუნეების ქართ. ჭედურობის საგანძური 2500-ზე მეტ ნაწარმოებს შეიცავს.

ქართ. ჭედური ხელოვნ. მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება X ს. 70-იანი წლებიდან, როდესაც ქართვ. ლითონმქანდაკებელთა წინაშე საკუთრივ სკულპტურული ამოცანები დაისვა. ამ ეტაპის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუშია იშხნის საწინამძღვრო ჯვარი (973) ჯვარცმული ქრისტეს სკულპტურული ფიგურით, იგივე მხატვრული ტენდენცია იკვეთება დავით კურაპალატის ჯვარში (XI ს. დასასრული; ოსტატი ასათ მოქმედი). ვ-ის პლასტიკის მნიშვნელოვანი ნიმუშებია ბრეთის საწინამძღვრო ჯვარი (დაახლ. 1000 წ.; ოსტატი – გაბრიელ საფარელი), საღოლაშენის ვ-ის ფირფიტების რელიეფები, მარტვილის საწინამძღვრო ჯვარი (XI ს. II მეოთხედი, ოსტატი – ივანე დიაკონი).

X–XI სს-ში შეიქმნა ვ-ით მოჭედილი ფერწერული ხატები: ხობის ღვთისმშობლის ხატი (970), წალენჯიხის, იანაშის, გელათის, მღვიმევის, კაცხის ხატები (XI ს.). განსაკუთრებული მხატვრული ღირსებებით გამოირჩევა XI ს. 20-იან წლებში შექმნილი ზარზმის ღვთისმშობლის ხატი, ე. წ. „ლაკლაკიძეების ღვთისმშობელი”.

საქართვ. მთიანი რეგიონების ეკლესიებში (სვანეთი, რაჭა) შემონახულია საკურთხევლის წინ აღმართული ხის მოზრდილი ძელებისაგან შედგენილი მონუმ. ჯვრები, რ-ებიც ვ-ის ჭედური ფირფიტებითაა მოპირკეთებული. ვ-ის ამგვარი მონუმ. ჯვრები საკმაოდ დიდხანს (X–XI სს. მიჯნიდან XVI ს. ბოლომდე) არსებობდა (მესტიის, კაცხის, სხვავას საკურთხევლისწინა ჯვრები).

შუა საუკუნეების საქართველოში ვ-ის მხატვრული დამუშავების სახელოსნოები მონასტრებში იყო თავმოყრილი. მნიშვნელოვანი საოქრომჭედლო ცენტრები იყო საფარის, ზარზმისა და ხობის მონასტრები. ჭედურობის დიდი ცენტრები იყო ცაგერში, ზემო სვანეთში, გურიაში.

XII ს-ში ხელოვნ. ყველა დარგმა განსაკუთრებული აღმავლობა განიცადა. ეპოქის ჭედური ხელოვნ. ბრწყინვალე ნიმუშია ხახულის ხატი, შექმნილი დავით აღმაშენებლის ძის, დემეტრე I-ის დროს (XII ს. 20-იანი წწ.), რ-იც სწორუპოვარია თავისი მხატვრული ღირსებებითა და ტექ. სრულყოფით.

ვ-ის ნაკეთობებზე ოსტატთა არაერთი სახელია შემონახული, მ. შ. თამარ მეფის ეპოქის ოქრომჭედლებისა. ესენი არიან: ბექა ოპიზარი და ბეშქენ ოპიზარი. ბეშქენმა შექმნა ბერთის სახარების ყდის მოჭედილობა, ბექამ – წყაროსთავის სახარების მოჭედილობა და ანჩის კარედი ხატის ჭედური ჩარჩო. გარდა საღვთისმსახურო ვ-ის ნივთებისა, არსებობდა ძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული საერო ნივთები, რ-თაგან სულ რამდენიმეა შემორჩენილი: გიორგი III-ის ვ-ის სურა (მესტიის მუზეუმი) და ვანის ქვაბის მონასტერში აღმოჩენილი სამი ვ-ის თასი (საქართვ. ეროვნ. მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. მუზეუმი), რ-ებიც დახვეწილი პლასტიკური და სევადიანი ორნამენტითაა შემკული.

XIII–XIV სს. ვ-ის ნაკეთობები ძირითადად წინა ეპოქის მხატვრულ პრინციპებს აგრძელებს, მთავარი ყურადღება გადატანილია დეკორსა და ორნამენტიკაზე (მაცხოვრის ხატი გელათიდან, თამარ მეფის გულსაკიდი ჯვრის ბუდე), ხელმეორედ შეამკეს ძვ. ხატები (ანჩის ხატი, ხობის ღვთისმშობლის ხატი).

XV ს. შუა წლებიდან, როდესაც საქართველომ თემურ ლენგის დამარბეველი ლაშქრობების შემდეგ ნელ-ნელა დაიწყო წელში გასწორება, ჭედური ხელოვნება ერთგვარად გამოცოცხლდა. ამ ეპოქიდან შემონახულია ჭედურ ნაწარმოებთა ჯგუფი, რ-თა ავტორია მამნე ოქრომჭედელი (საკურთხევლისწინა ჯვრები სადგერიდან და ბარაკონიდან, შემოქმედის კარედი ხატი).

XVI ს-თვის ჭედური ხელოვნების განვითარებაში სხვადასხვა მხატვრული მიმდინარეობა შეინიშნება. შეიქმნა ჭედურ ხატებზე ქტიტორთა ფიგურების გამოსახვის ტრადიცია.

XVII ს. ოქრომჭედელთა ნამუშევრები მხატვრული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მნიშვნელოვანია სამეგრელოს მთავრის ლევან დადიანის საოქრომჭედლო სახელოსნოს ნაკეთობანი, რ-იც ჭედურობის ძვ. ეროვნ. ტრადიციებს აგრძელებს. XVII ს. ბოლოსთვის ქართ. ჭედურობაში ევრ. ხელოვნ. ერთგვარი გავლენა შეიმჩნევა. ეს ტენდენცია თვალსაჩინო ხდება XVIII ს. ნაწარმოებებში.

XIX ს. დასაწყისში ჭედურობის ქართვ. ოსტატთა შორის გამოირჩევა ხალხ. ტრადიციების გამგრძელებელი პეპუ მეუნარგია. ამ დროს არსებითად დამთავრდა ვ-ის მხატვრული დამუშავების მრავალსაუკუნოვანი ისტორია საქართველოში. დაიწყო საფაბრიკო და ხელოსნური ნაწარმის გავრცელება.

ვ-ის მხატვრული დამუშავების უძველეს ტრადიციას დღეს ქართვ. მხატვართა ახ. თაობები აგრძელებენ.                  

კ. მაჩაბელი

ვ. მედიცინაში. ჯერ კიდევ უძველესი დროიდან ვ-ის გამოყენების ერთ-ერთი მთავარი სფერო იყო ალქიმია, რ-იც მჭიდროდ იყო დაკავშირებული მედიცინასთან. ძველი ეგვიპტელები ადამიანს იარებზე (შეხორცების მიზნით) ადებდნენ ვ-ის ფირფიტებს. ვ. გამოიყენება ინდურ ფარმაკოლოგიაშიც. ვ-ის მცირე კონცენტრაცია სასარგებლოა, რადგან მას ბაქტერიციდული მოქმედება გააჩნია. დადგენილია, რომ ვ-ის იონების მცირე კონცენტრაცია ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას. ვ-ის კვალი (» 0,02 მგ/კგ) ნაპოვნია ყველა ცოცხალ ორგანიზმში, თუმცა მისი ბიოლოგიური ქმედება შესწავლილი არ არის. ადამიანის თავის ტვინში ვ-ის შედარებით მაღალი შემცველობაა. ვ. ორგანიზმში წარმოქმნის ცილოვან ნაერთებს. ის ფერმენტების ინჰიბიტორია. მედიცინაში კოლოიდურ ვ-ს იყენებენ როგორც ლორწოვან გარსზე მოქმედ ანტისეპტიკურ საშუალებას (არგიროლი, კოლარგოლი, პროტარგოლი და სხვ.).

ვ. ეკონომიკაში. სასაქონლო წარმოების პირობებში ოქროსთან ერთად ვ. ასრულებდა საყოველთაო  ეკვივალენტის ფუნქციას და ფულად იქცა, რასაც ხელი შეუწყო ვ-ის თვისებებმა – ერთგვაროვნებამ, დამუშავების სიადვილემ და სხვ. თავდაპირველად ვ. მიმოქცევაში იყო სხმულების სახით. ძვ. აღმოსავლეთის ქვეყნებში, აგრეთვე საბერძნეთსა და რომში ვ., როგორც ოქრო და სპილენძი, ფართოდ გავრცელებული ფულადი ლითონი იყო. ძვ. რომში ვ-ის მონეტების მოჭრა დაიწყეს ძვ. წ. IV–III სს-ში, ხოლო რუსეთში – IX ს-ში. ადრინდ. შუა საუკუნეებში უპირატესად ოქროს მონეტებს ჭრიდნენ. XVI ს-იდან ოქროს უკმარისობისა და ევროპაში ვ-ის მოპოვების გაფართოების გამო ვ. ევროპის ქვეყნებში ძირითად ფულად ლითონად გადაიქცა. კაპიტალის თავდაპირველი დაგროვების ეპოქაში თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობდა ვ-ის მონომეტალიზმი და ბიმეტალიზმი (ფულადი სისტემა, რ-შიც ოქრო, ვ. და საყოველთაო ეკვივალენტის როლს ასრულებს). ოქროს მსოფლიო მოპოვების ზრდამ დააჩქარა მიმოქცევიდან გაუფასურებული ვ-ის გამოდევნა. XIX ს. უკანასკნელ მეოთხედში კაპიტალ. მსოფლიოში ფართოდ გავრცელდა ოქროს მონომეტალიზმი. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ოქროს ვალუტით ვ-ის ვალუტის გამოდევნა XX ს. დასაწყისისათვის დამთავრდა. ვ-ის ვალუტა შემორჩა XX ს. 30-იან წლებამდე ჩინეთში, ირანსა და ავღანეთში. II მსოფლიო ომამდე მოპოვებული ვ-ის 75 %-ს მონეტების მოსაჭრელად იყენებდნენ, 1971-თვის ეს მაჩვენებელი 5%-მდე შემცირდა. 2013 მონაცემებით ვ-ის წლიური მოპოვების ლიდერია მექსიკა (4500 ტ). მერე და მესამე ადგილზეა პერუ და ჩინეთი (4000 ტ).

საქართველოში, ვ., ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, ვ-ის გამოყენების მრავალმხრივობა დაკავშირებულია მის სასარგებლო თვისებებთან. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვ-ის, როგორც ფულადი საქონლის, გამოყენება. ვ-ის მონეტების მოჭრა საქართველოში ძვ. წ. VI ს-იდან დაიწყო. სხვადასხვა დროს მოჭრილ ოქროს, სპილენძისა და ბრინჯაოს მონეტებთან ერთად იყო ვ-ის მონეტებიც. მუზეუმებში, მ. შ. საქართვ. ეროვნ. მუზეუმსა და ქუთაისის სახელმწ. ისტ. მუზეუმში, შემონახულია უძველესი კოლხური დიდრაქმა (ძვ. წ. VI ს.), ასევე ძვ. წ. V ს-ის კოლხური დრაქმა, რ-იც მაღალი ხარისხის ვ-ისგანაა დამზადებული. IX ს-ში თბილისის ზარაფხანაში იჭრებოდა არაბული ტიპის ვ-ის მონეტები. VII ს-ში ქართლში მოჭრეს სასანური ტიპის ვ-ის მონეტა ქართ. წარწერით და ჯვრის გამოსახულებით; შემონახულია IX–X სს-ში თბილისში მოჭრილი არაბული ვ-ის დრაქმები, სპილენძის  ფელსებთან ერთად. XIX ს-ის დასაწყისიდან (1804-იდან 1834-მდე) თბილისში რუსეთის ხელისუფლების მიერ სპილენძის მონეტებთან ერთად  რუსულ ყაიდაზე იჭრებოდა ვ-ის მონეტები – ,,ქართული თეთრი”. საქართველოში, სხვა უცხ. ნივთებთან ერთად, სხვადასხვა დროს გავრცელებული იყო უცხ. ვ-ის ფული. მათგან ერთ-ერთი უძველესია რომაული ვ-ის განძი და მონეტები, ძვ. წ. I ს-ში მითრიდატე პონტოელის მიერ მოჭრილი მონეტა, VI–VII სს-ში ბიზანტ. და სასანური მონეტები. XVII ს-იდან საქართვ. ფულის  მიმოქცევაში დიდი რაოდენობით იყო ირანული და სხვა ქვეყნის ვ-ისა და სხვა მონეტები.

1934-იდან ქართული მონეტების მოჭრა შეწყდა. 1993-იდან, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართვ. ეროვნულმა ბანკმა დაიწყო საკოლექციო და საინვესტიციო ეროვნ. მონეტების გამოშვება.

ვ. გამოიყენება აგრეთვე ჰერალდიკაში.

ლიტ.: აბრამიშვილი თ., XIII–XIV სს. დასავლურ-ქართული ფული (კირმანეული), თბ., 1959; დუნდუა თ., დუნდუა გ., ქართული ნუმიზმატიკა, ნაწ. 1, თბ., 2006; მაჩაბელი კ., ძველი საქართველოს ვერცხლი, თბ., 1983;  პატარიძე მ., ჯანჯღავა გ., ტრაპიზონის იმპერიის იშვიათი მონეტები, თბ., 2006; ქებულაძე რ., ევროპული მონეტების მიმოქცევა საქართველოში XV–XVIII სს., თბ., 1971; ჩუბინაშვილი გ., არმაზის საგანძური, თბ., 2007;  Грузинское чеканное искусство, Тб., 1959.         

  გ. მალაშხია