გუდავა, სოფელი გალის მუნიციპალიტეტის აჩიგვარის თემში (აფხაზეთის არ), სამურზაყანოს დაბლობზე, მდ. ოქუმის (ერთვის შავ ზღვას) მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 20 მ, გალიდან 12 კმ, აჩიგვარიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 3 კმ] . 933 მცხ. (1989). ისტ. სოფელი გ. მოიცავდა ახლანდ. სოფლების: პირველი გუდავის, მეორე გუდავისა და საკუთრივ გ-ის ტერიტორიებს. სოფლის თავდაპირველი სახელწ. იყო გუდაყვა, რ-იც გვიანდ. ფეოდ. ხანაში გ-თი შეიცვალა, ხალხ. მეტყველებაში გეოგრ. სახელი გუდა ეწოდებოდა. ამ სახელწოდებით არის დატანილი არქანჯელო ლამბერტის (1654) რუკაზე. გ-ს გვიანდ. ანტ. ხანასა და ადრინდ. შუა საუკუნეებში ზიგანისი ეწოდებოდა, ხოლო ბიზანტ. წყაროებში ზიგანეოსის სახელით არის მოხსენიებული. წერილობით წყაროებში მოხსენიებულია ზიგანისის ციხე, რ-შიც IV–V სს. მიჯნაზე რომაელთა კოჰორტა (400–600-კაციანი რაზმი) მდგარა. არქეოლ. გათხრების შედეგად აღმოჩენილია ბანაკ-ციხის ნაშთები (1970–72, პ. ზაქარაია). გამოვლინდა გეგმით მართკუთხა ფორმის ბანაკის გალავნისა და მცირე ეკლესიის ნაშთები, აგრეთვე რომაული მონეტები, რომაული მინის ჭურჭლის ნატეხები და გვიანდ. ანტ. – ადრინდ. შუა საუკ. – ადგილ. და რომაული კერამიკა. გვიანდ. ანტ. ხანაში გ. (ზიგანისი) აფსაროსთან, ფასისთან, სებასტოპოლისთან, პიტიუნტთან და სხვ. ერთად შედიოდა იმ ციხესიმაგრეთა სისტემაში, რ-იც რომის იმპერიის მცირეაზიური პროვინციების მისადგომებს იცავდა. გ-ში იყო VII–X სს-ში ლაზიკის 4 საეპისკოპოსო კათედრიდან ერთ-ერთი (იხ. გუდაყვის საეპისკოპოსო ). ფეოდ. ხანაში გ. ოდიშის შემადგენლობაში შედიოდა, XVII ს. მიწურულს კი ახლადშექმნილი ფეოდ. ერთეულის სამურზაყანოს შემადგენლობაში შევიდა. გ-ში დაკრძალულია ქრისტიანობისთვის წამებული კირიაკე, რ-იც დაიღუპა III–IV სს. მიჯნაზე, პირველ ქრისტიანთა დევნის დროს.
ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., სავაზირო ფეოდალურ საქართველოში, წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 3, თბ., 1966; ზ ა ქ ა რ ა ი ა პ., ლ ე ქ ვ ი ნ ა ძ ე ვ., გუდავაში 1971 წ. ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების ანგარიში, კრ.: საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციები, წგ. 3, თბ., 1974; Л о м о у р и Н., Из исторической географии древней Колхиды, «Вестник древней истории », 1957, №4.
თ. ბერაძე
ვ. ლექვინაძე