გავაზი

გავაზი, სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტის ლარგვისის თემში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), მდ-ების ჭურთისა (ქსნის მარჯვ. შენაკადი) და ქსნის წყალგამყოფის სამხრ.-დას. კალთაზე, ჭურთის მარცხ. მხარეს. ზ. დ. 1380 მ, ახალგორიდან 26 კმ.

გ. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.

გ. მდებარეობს ისტ. შიდა ქართლში. პირველად მოხსენიებულია „ძეგლი ერისთავთაში“ (XIV ს.). ადრინდ. ფეოდ. ხანაში გ. შედიოდა ცხრაძმისხევში, შემდეგ – ქსნის საერისთავოში. სოფლის მახლობლად შემორჩენილია IX–X სს. ზურგიანი კოშკი და წმ. ბარბარეს ეკლესია. კოშკი ექვსსართულიანია, სახურავი ჩანგრეულია, ასევე ჩანგრეულია ეკლესიის გადამხურავი კამარა. დაზიანებულია კედლები. ეკლესია შიგნით შელესილი და მოხატული იყო. შემორჩენილ ფრაგმენტებზე გამოსახული არიან წმინდანები და საერო პირები. კედლებზე ასომთავრული წარწერებია.

ჯ. გვასალია