გარდაბანი

გარდაბანი, ქალაქი (1969-იდან) აღმოსავლეთ საქართველოში (ქვემო ქართლის რეგიონი), გარდაბანის მუნიციპალიტეტის ცენტრი. მდებარეობს გარდაბნის ვაკეზე. რკინიგზის სადგური თბილის–ბაქოს მონაკვეთზე. ზ. დ. 310 მ, თბილისიდან 42 კმ. 10,8 ათ. მცხ. (2014). ჰავა ზომიერად მშრალი სუბტროპიკულია. საშ. წლ. ტემპ-რა 12,9ºC, იანვ. 0,3ºC, ივლ. 25,3ºC; აბსოლ. მინ. –25ºC, აბსოლ. მაქს. 41ºC. ნალექები 420 მმ წელიწადში.

გ-ში არის თბილ. სრესი (სამხრ. კავკასიაში უდიდესი), მუყაო-რუბეროიდის, საკონსერვო და რძის ქ-ნები, ტრიკოტაჟის ფ-კა, სამრეწვ. საწარმოთა კომბინატი. საჯარო და სასპორტო სკოლები. მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი, კულტსახლი. მოსახლ. ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება შპს „ჯეო ჰოსპიტალსი“.

1947-მდე გ-ს ყარაია ერქვა. 1992 გ-ში აშენდა ღვთისმშობლის შობის გუმბათოვანი ეკლესია. ფასადები შემოსილია ბოლნისის ტუფით. ინტერიერში გამოყენებულია ქართ. მარმარილო და ბაზალტი. გადახურულია ფურცლოვანი სპილენძით. პროექტის ავტორია გ. სულაბერიძე. გუმბათის პროექტი და ინტერიერის ცალკეული დეტალები შეასრულა არქიტ. დ. ჭურაძემ. ტაძარი მოქმედია.

ვ. ჯაოშვილი

შ. საღარაძე