არსენი, XIV ს. მხატვარი. 1381 მოხატა ჭულის ეკლესია, მხატვრობა ამჟამად ძლიერ დაზიანებულია. გუმბათში გამოსახულია ამაღლება, გუმბათის ყელზე – წინასწარმეტყველნი, აფრებში – მახარებელნი, საკურთხევლის კედელზე – მოციქულთა ზიარება და წმ. მამათა და დიაკონთა ფიგურები, საკუთრივ ნაოსის კედლებზე – სახარების სცენები, განკითხვის დღე და წმ. გიორგის ცხოვრების ამსახველი სიუჟეტები. სამხრეთის კედელზე კი სამცხის ათაბაგების – ჯაყელების პორტრეტებია. ფიგურები უჩვეულოდ გრძელია, ნახატი – დუნე. ა-ის ნამუშევარი ამ პერიოდის ქართ. ფრესკებთან შედარებით დაბალი დონისაა.
ლიტ.: ამირანაშვილი შ., ბექა ოპიზარი, ტფ., 1937; ბერიძე ვ., სამცხის ხუროთმოძღვრება. XIII – XV საუკუნეები, თბ., 1955.