„აჭარა“, სააქციო საზოგადოება, უმაღლესი „ბ“ თანრიგის სამვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისში. აშენდა 1975 (არქიტ. მ. მელია), გაიხსნა 1976 იანვარში. სასტუმრო 22-სართულიანი იყო. ჰქონდა 310 ნომერი 592 საწოლი ადგილით. ემსახურებოდა უცხოელ და რესპ. მოქალაქეებს. სასტუმროში შედიოდა 3 რესტორანი, 4 ბარი, კაფე-ექსპრესი, კაფე-სანაყინე, საზაფხულო კაფე, საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები. სასტუმროს შენობაში მოთავსებული იყო აგრეთვე კომერც. ბანკი, ვალუტის გაცვლის პუნქტი, საფოსტო განყ-ბა, „საქპრესისა“ და სააფთიაქო კიოსკები, სუვენირების მაღაზია, ტექ. მომსახურების სამსახური, კონფერენცდარბაზი, საპარიკმახერო სალონი, სამორინე ტოტალიზატორი და სხვ. 1996 „ა.“ ჩამოყალიბდა როგორც სააქციო საზ-ბა.
2010 ქართ. ბაზარზე საერთაშ. სასტუმროების ქსელი „ჰოლიდეი ინნ“-ის შემოსვლის შემდეგ განხორციელდა შენობის რეკონსტრუქცია. „ა-ს“ გადაერქვა სახელი და მის მაგივრად ფუნქციონირებს სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ თბილისი“, რ-საც მართავს „აჭარა ჯგუფი“.
ჭ. ადეიშვილი
მ. თოქმაზიშვილი