მეტრეველი როინ ვიქტორის ძე (დ. 7. XII. 1939, აბასთუმანი), ისტორიკოსი, მედიევისტი, კავკასიოლოგი, საზოგადო მოღვაწე. საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. პრეზიდენტი (2023-იდან), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. აკადემიკოსი (1993; წ.-კორ. – 1988); ისტ. მეცნ. დოქტორი (1974), პროფესორი (1977), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1988). დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის ისტორიის ფაკ-ტი (1962). 1965-იდან ლექციებს კითხულობდა თსუ-ში. სამეცნიერო მუშაობის პარალელურად მ. 1960–72 ეკავა კომკავშირული და პარტიული თანამდებობები. იყო კომკავშირის ცენტრ. კომიტეტის მდივანი, მეორე და პირველი მდივანი. 1970–72-ში მუშაობდა პარტიის ცენტრ. კომიტეტის საორგანიზაციო-პარტიული განყ-ბის გამგედ. 1966–74 არჩეული იყო საქართვ. უმაღლესი საბჭოს დეპუტატად; 1990 – დამოუკიდებელი საქართვ. პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს პარლამენტის წევრად. არის პირველი ქართ. ეროვნ. უნივერსალური ენციკლოპედიის ერთ-ერთი გამომცემელი და რედაქტორი (1972–85).
1985–88 იყო ა. ს. პუშკინის სახ. თბილ. სახელმწ. პედ. ინ-ტის (ამჟამად ილიას სახელმწ. უნ-ტი) რექტორი, 1988-იდან – საქართვ. მეცნ. აკადემიის საზ. მეცნ. განყ-ბის აკადემიკოს-მდივანი, 1991 – 2005 – თსუ-ის რექტორი, 1997–2005 – საქართვ. ისტ. კათედრის გამგე , 2005–13 საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. საზ. მეცნ. განყ-ბის აკადემიკოს-მდივანი; 2013 ოქტომბრიდან – მეცნ. აკად. ვიცე-პრეზიდენტი.
მ. არის კალიფორნიის (აშშ, სან-ფრანცისკო) ხელოვნების, მეცნიერებისა და განათლების საერთაშ. აკადემიის წევრი (1996), უმაღლესი განათლების საერთაშ. აკადემიის (რუსეთი, მოსკოვი) წევრი (1997), ევროპის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის (ავსტრია, ზალცბურგი) ნამდვილი წევრი (2009), 1996–2004 – საქართვ. უმაღლესი სასწავლებლების რექტორთა საბჭოს თავ-რე. საქართვ. ისტორიკოსთა ეროვნ. კომიტეტის პრეზიდენტი (1996), საქართველო-ისრაელის მეგობრობის საზ-ბის პრეზიდენტი (2002-იდან); ეროვნ. და სოც. ურთიერთობათა აკად. აკადემიკოსი (2004), სახალხო (სამოქალაქო) დიპლომატიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (არჩეულია უვადოდ 2008-იდან), პოლიტ. მეცნ. ეროვნ. აკად. პრეზიდენტი (2013). 1991-იდან ჟურნ. „მაცნეს“ (ისტორიის სერია) რედაქტორი, წელიწდეულების, „ქართული დიპლომატიისა“ (გამოცემულია 19 ტომი) და „კავკაზიკის“ (გამოცემულია 7 ტომი), მთავარი რედაქტორი, ე. თაყაიშვილის თხზულებათა თორმეტტომეულის მთ. რედაქტორი. საქართვ. მეცნ. აკადემიასთან არსებული საქართველოს ისტორიის წყაროების კომისიის თავ-რე (1995), საერთაშ. სამეცნ. ჟურნალების, „გეორგიკის“ (გერმანია-საქართველო 1997), ,,Историческое пространство”-ის (2007), „კავკასია და გლობალიზაციის“ (ქ. სტოქჰოლმი, ინგლისურ ენაზე, 2009), სარედაქციო კოლეგიის წევრი.
მ-ის კვლევის სფეროა საქართველოსა და კავკასიის ისტორიის, წყაროთმცოდნეობისა (არის ,,ქართლის ცხოვრების“ ქართული (2008) და რუსული (2011) გამოცემების მთ. რედაქტორი) და ისტორიოგრაფიის, საზოგადოებრივი აზრისა და დიპლომატიის ისტ. საკითხები. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი, მ. შ. 12 მონოგრაფია. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 30-ზე მეტი სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაცია. არის საქართვ. ისტ. უმაღლესი და საშუალო სკოლების სახელმძღვანელოების ავტორი.
მ. არის აფხაზეთის არ-ის მეცნიერების დამს. მოღვაწე (1996). მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1998), ივ. ჯავახიშვილის სახ. საუნივერსიტეტო (1999) და სააკადემიო (2010) პრემიები; ა. წერეთლის სახ. პრემია (2000); ფ. ნანსენის მედალი (2000); საქართვ. მართლმადიდებელი ეკლესიის ჯილდო – ოქროს ჯვარი (2001); აკადემია (სარეიტინგო) „ფორტუნას“ წმ. გიორგის (2003); ე. თაყაიშვილისა და (2003) ფ. გოგიჩაიშვილის (2003) მედლები; წმ. გიორგის ოქროს ორდენი (2011), შ. მესხიას სახ. პრემია (2012).
არის იყალთოს (1991), ქუთაისის (1996), თბილისისა (1999) და ბორჯომისა (2000) საპატიო მოქალაქე, საქართვ. მრავალი უნტ-ის საპატიო პროფესორი. როგორც პარლამენტარმა, ხელი მოაწერა საქართვ. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს (1991 წ. 9 აპრილი).
თხზ.: შინაკლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში (XII საუკუნე), თბ., 1973; დეკლასირებული ელემენტები შუა საუკუნეების საქართველოში (V-XII სს.) თბ., 1976; საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება (ისტორიული ნარკვევი, მასალები), თბ., 1982; დავით აღმაშენებელი, მეფე თამარი, თბ., 2002; ჯვაროსნული ომები და საქართველო, თბ., 2012; რაჭა. შტრიხები წარსულიდან, თბ., 2013. საქართველო რუსთველის ეპოქაში, თბ., 2016; საქართველო რუსთველის ეპოქაში, თბ., 2016; საისტორიო ნარკვევები, თბ., 2009, 2019; საქართველოს სამეფო და ყივჩაყები XI-XII სს, თბ., 2019; ქართული დიპლომატიის ისტორია (თანაავტორი, მთავარი რედაქტორი), თბ., 2022; ბაგრატიონები (ქართ., რუს., ინგლ. ენებზე), თბ., 2023; Давид Строитель, Тб., 2022; Царица Тамар, Тб., 2022; Georgia , Nashville. Tenissee. USA, 1995; The Goldan Age (Georgia from the 11-th century to the first quarter of the 13-th century), Tb., 2010.