გრუზინოვი ილია ეგორის ძე

გრუზინოვი ილია ეგორის ძე (1781_1813), რუსი ანატომი და ფიზიოლოგი, წარმოშობით ქართველი, აზნაურ რომან ნამჩევაძის (იხ. გრუზინოვები) შთამომავალი. 1801 დაამთავრა მოსკ. უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი, 1804 – პეტერბ. სამედ.-ქირურგ. აკადემია და იმავე წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „გალვანიზმი და მისი გამოყენება სამედიცინო პრაქტიკაში" (ლათ. ენაზე). მალე იგი როგორც ნიჭიერი ახალგაზრდა, ანატომიაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად გააგზავნეს გერმანიაში, ინგლისსა და საფრანგეთში. რუსული წყაროს საფუძველზე ირკვევა, რომ მან რუსეთისათვის პირველმა შეადგინა „ინგლისური გრამატიკა". 1809 დაბრუნდა მოსკოვში და ანატომიის კათედრაზე დაიწყო მუშაობა. კითხულობდა ლექციებს ანატომიაში, ფიზიოლოგიაში, სასამართლო მედიცინასა და კლინიკურ საგნებში. 1811-იდან მოსკ. უნ-ტის ანატ. კათედრის ორდინარული პროფესორი იყო. 1812 სამამულო ომის დროს მოხალისედ წავიდა არმიაში, იყო მოსკ. ლაშქრის კორპუსის ექიმი და დაიმსახურა გმირი პროფესორის სახელი. შეისწავლა ადამიანსა და ცხოველებში ხმის წარმოშობის მექანიზმი, რისთვისაც ერთერთმა პირველმა ჩაატარა ცდები ადამიანის გვამზე. მოსკ. უნ-ტის ანატ. მუზეუმი გაამდიდრა ანატ. პრეპარატებით, მ. შ. აღსანიშნავია ადამიანის თვალის მაკროპრეპარატი. დაკრძალულია ვილნოს გუბერნიის ბარუნის მონასტრის კედელში.

თხზ.: Слово о новооткрытом месте происхождения голоса в человеке и других животных, М., 1812.

ლიტ.: К о ш т о я н ц Х. С., Очерки по истории физиологии в России, М., 1946.

ზ. კაციტაძე