გრუზინოვი ევგრაფ იოსების ძე

გრუზინოვი ევგრაფ იოსების ძე (1770, ნოვოჩერკასკი, – 5. IX. 1800, იქვე), რუსეთის სამეფო კარზე დაწინაურებული სამხედრო მოღვაწე, წარმოშობით ქართველი, რომან ნამჩევაძის (იხ. გრუზინოვები) შვილიშვილი. თავი გამოიჩინა 1788–90 რუსეთშვედეთის ომსა და პოლონეთის 1794–96 კამპანიაში. 1796 დაავალეს კაზაკთა ლაიბგვარდიის პოლკის დაკომპლექტება (პოლკის პირველი მეთაური თვითონ იყო). 1797 მიანიჭეს გვარდიის პოლკოვნიკის წოდება. ერთხანს იმპ. პავლე I-ის ნდობით სარგებლობდა, მაგრამ 1798 აპრ-ში იმავე იმპერატორის ბრძანებით დააპატიმრეს და რეველის ციხეში ჩასვეს, შემდეგ ჩერკასკში გადაასახლეს. 1800 წ. 5 სექტ., სპეც. სამხ. სასამართლოს განაჩენით, სიკვდილით დასაჯეს. ვარაუდობენ, რომ გ-ის დევნასა და სიკვდილით დასჯას პოლიტ. მოტივი ედო საფუძვლად. ა. სუვოროვის სამხ. სკოლის ტრადიციებზე აღზრდილი გ. სხვა მოწინავე ოფიცრებთან ერთად აშკარად გამოთქვამდა უკმაყოფილებას სუვოროვის სამხ. და პოლიტ. ასპარეზიდან ჩამოცილების გამო. გ-ისა და მის თანამოაზრეთა პოლიტ. პლატფორმა მიზნად ისახავდა რუსეთში არსებული წყობილების დამხობას. მათი აზრით, მართვა-გამგეობა „სახალხო სენატს" უნდა აეღო ხელში, მომავალი საზ-ბის ცხოვრებას კი საფუძვლად უნდა დასდებოდა „ბრძნული კანონმდებლობა", რ-ის წინაშე ყველა მოქალაქე თანასწორუფლებიანი იქნებოდა. გ. მაღალ შეფასებას აძლევდა ე. პუგაჩოვსა და მის მოძრაობას. დაჯილდოებული იყო უმაღლესი სამხ. ორდენებით.

ლიტ. : გ ვ ი ნ ჩ ი ძ ე ო., რუსეთის საზოგადოებრივი მოძრაობის ისტორიიდან, თბ., 1957; მ ი ს ი ვ ე, Братья Грузиновы, Тб., 1965.

ო. გვინჩიძე