დღიური

დღიური, ერთი ან რამდენიმე ავტორის ყოველდღიური ან პერიოდული ჩანაწერი (შდრ. მემუარები). დ-თვის დამახასიათებელია ჩაწერის თარიღის აღნიშვნა, ჩაწერილი ამბისა და ამ თარიღის სინქრონულობა. დ-ები ისტ., ისტ.-კულტ. და ისტ.-ბიოგრ. დოკუმენტებია (მაგ. – ჯ. კუკის ხომალდის დ., ვ. კიუხელბეკერის ლიცეუმის დ-ები, ი. პ. ეკერმანის „საუბრები გოეთესთან" და სხვ.). ვარაუდობენ, რომ დ. XVII ს. ინგლისში ჩაისახა. მის გავრცელებას უკავშირებენ სანტიმენტალიზმს, უფრო კონკრეტულად – ლ. სტერნის „სანტიმენტალურ მოგზაურობას". მწერალთა დ-ები გვაწვდის ცნობებს არა მარტო მათი თანამედროვე კულტ.-საზ. ვითარების, არამედ თავად ავტორის, როგორც პიროვნების, შემოქმედი ინდივიდის, შესახებაც (ე. და ჟ. გონკურების „დღიურები", „ანა ფრანკის დღიური"). დ., როგორც ლიტ. ჟანრი, განსაკუთრებით გავრცელდა XVIII–XIX სს. რუსეთში. ამ ჟანრის მნიშვნელოვანი ნაწარმოებები შექმნეს ა. პუშკინმა, ლ. ტოლსტოიმ, ვ. ბრიუსოვმა, ა. ბლოკმა, მ. ცვეტაევამ და სხვ. 

ქართულ ლიტ-რაში დიდმნიშვნელოვანი მოვლენაა ს.-ს. ორბელიანის „მოგზაურობა ევროპაში", გ. ავალიშვილის „მგზავრობა თბილისით იერუსალიმისადმი...", გ. ორბელიანის „მგზავრობა ჩემი ტფილისიდან პეტერბურღამდის" და „დღიურები". თანამედროვე ქართ. ლიტ-რიდან აღსანიშნავია ი. აბაშიძის „პალესტინის დღიური" და სხვ. დ-ის ფორმა ხშირად არის გამოყენებული სხვა ჟანრის მხატვრულ ნაწარმოებებში პერსონაჟის სულიერი სამყაროს უკეთ გადმოსაცემად (ი. ვ. გოეთეს „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი", მ. ლერმონტოვის „ჩვენი დროის გმირი", კ. გამსახურდიას „მთვარის მოტაცება", ჭ. ლომთათიძის „ჩემი დღიური", შ. არაგვისპირელის „მელოს დღიურიდან" და სხვ.).

გ. ზაუტაშვილი