დოლიძე ქეთევან (ქეთი) სიმონის ასული (დ. 4. XII. 1945, თბილისი), რეჟისორი, მსახიობი. 1967 დაამთავრა თსუ-ის დას. ევრ. ენებისა და ლიტ-რის ფაკ-ტი, 1975 – საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის სარეჟისორო ფაკ-ტი. იყო საქართვ. ტელევიზიის რეჟისორი (1973–85, 1989–98). 1975- იდან არის კინოსტუდია „ქართული ფილმის" დამდგმელი რეჟისორი და მ. თუმანიშვილის სახ. კინომსახიობთა თეატრის რეჟისორი, რომლის ერთ-ერთი დამაარსებელი თვითონ იყო. თეატრში დადგმული აქვს სპექტაკლები: ფ. გარსია ლორკას „სისხლიანი ქორწილი" (1974), მ. შიზგალის „ვეფხვი" (1980), ე. ბრილის „სერობა" (1996), ჯ. ბ. შოუს „პიგმალიონი" და სხვ. სატელევიზიო დადგმებია: „დღესასწაული" (1973), „გაკვეთილები" (1975), „ჩემი ოჯახი", „ლეილა" (ორივე 1976), „შენ და მე" (1977), „თეთრი მანდილი" (1993) და სხვ. დ-ის რეჟისორული ნიჭი განსაკუთრებით გამოვლინდა მხატვრულ ფილმებში: „კაცია-ადამიანი?!" (1979, ს. დოლიძესთან ერთად); „კუკარაჩა" (1983, ს. დოლიძესთან ერთად; ლენინგრადის საკავშირო კინოფესტივალის პრიზი საუკეთესო ეკრანიზაციისათვის), „ძველი ვალსი" (1985), „მარტოხელა მონადირე" (1989), „ევრიდიკე" (1991), „და სასახლეში ვნახავ სიხარულს" (1993). გადაიღო დოკუმენტური ფილმები: „ლეილა აშიანი" (1978), „თეთრი მანდილი" (1993). შესრულებული აქვს როლები სპექტაკლებში: „სისხლიანი ქორწილი" (1974), „შენსკენ სავალი გზები" (1984), „მედეა – გახლეჩილი სამყარო" (1997), „ჩემი თაობის ავტოპორტრეტი" (2000) და სხვ. არის ქალთა საერთაშორისო მოძრაობის „თეთრი მანდილი" დამფუძნებელი (1993); მისი ინიციატივით დამკვიდრდა მ. თუმანიშვილის სახ. საერთაშ. თეატრალური ფესტივალი „საჩუქარი" (1996). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1996).