დოლიძე ოლღა იასონის ასული (24. III. 1904, თბილისი, – 24. V. 1990, იქვე), ესტრადისა და თეატრის მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1955). ესტრადის მსახიობთა I საკავშ. კონკურსის ლაურეატი (1939, ვ. გოძიაშვილთან და ა. რაიკინთან ერთად). სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1920 დიდუბის რკინიგზის კლუბში. გამოდიოდა აგრეთვე ავჭალის აუდიტორიისა და თბილ. მუშათა ცენტრ. კლუბის წარმოდგენებში. 1921–23 დ. ჩაირიცხა შოთა რუსთაველის სახ. თეატრის დასში, სადაც მთელი სისრულით გამოვლინდა მისი მსახიობური შესაძლებლობები. 1932–36 კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრის მსახიობი იყო, ხოლო 1936–44 – კვლავ რუსთაველის სახ. თეატრისა. დიდი ოსტატობით განასახიერებდა მკვეთრად სახასიათო და კომიკურ როლებს, მ. შ. აღსანიშნავია: ფოფოდია, მარიკა, პარასკევა (შ. დადიანის „გუშინდელნი", „ნინოშვილის გურია", „ნაპერწკლიდან"), მიქაელა (გ. მდივნის „ალკაზარი"), ბიჭუნა (ნ. ნაკაშიძის „ვინ არის დამნაშავე?"), კაროჟნა (ს. კლდიაშვილის "შემოდგომის აზნაურები"), გალჩიხა (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), ნადეჟდა (ნ. პოგოდინის "თოფიანი კაცი") და სხვ. თითოეულ როლს იგი ასრულებდა ბუნებრივი სისადავით, ჰქონდა გამორჩეული მკაფიო მეტყველება. ესტრადაზე გამოდიოდა 1931-იდან. კონცერტებს მართავდა როგორც საქართველოში, ისე სსრკ სხვა ქალაქებში. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართ. საესტრადო ხელოვნ. განვითარებაში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
შ. ცუცქირიძე