დოლიძე ისიდორე სამსონის ძე

ი. დოლიძე

დოლიძე ისიდორე სამსონის ძე [23. III (5. IV). 1915, სოფ. ხვარბეთი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 17. VII. 1982, თბილისი], მეცნიერი, იურისტი, სამართლის ისტორიკოსი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1960), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1965). იურიდ. მეცნ. დოქტორი (1957), პროფესორი (1958). 1933–36 სწავლობდა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტზე. 1938 დაამთავრა სვერდლოვსკის (ეკატერინბურგი) იურიდ. ინტი, 1941 – მოსკ. იურიდ. ინ-ტის ასპირანტურა. 1941-იდან პედ. მოღვაწეობას ეწეოდა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტზე. 1946–47 იყო საბჭ. საელჩოს თანამშრომელი ლონდონში, 1947–48 – თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტის დეკანი და სახელმწ. სამართ. კათედრის გამგე, 1949–52 – საქართვ. მინისტრთა საბჭოსთან არსებული ხელოვნ. საქმეთა სამმართველოს უფროსი, 1954–57 – საქართვ. უმაღლესი სასამართლოს თავ-რე, 1957–60 – საქ. კპ ცკ-ის მდივანი, 1960– 66 – საქართვ. მეცნ. აკად. ვიცე-პრეზიდენტი, 1967-იდან – საქართვ. მეცნ. აკად. ეკონომიკისა და სამართ. ინ-ტის ქართ. სამართ. ისტორიის განყ-ბის გამგე. დ. მუშაობდა ქართ. სამართ. ისტ. და სამართ. ზოგადი ისტ. დარგში. იკვლევდა ქართ. სამართ. ისტ. და წყაროთმცოდნეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებს. მთავარი ნაშრომები: „ძველი ქართული სამართალი" (1953), „გიორგი ბრწყინვალის სამართალი" (1957), „საქართველოს ჩვეულებითი სჯული" (1960), სამართალი ვახტანგ მეექვსისა (1981; ნ. ბერძენიშვილის სახ. პრემია, 1982). გამოსცა ქართ. სამართ. წერილობითი წყაროების რვატომეული – „ქართული სამართლის ძეგლები" (1963–85, ტექსტები, გამოკვლევები, შენიშვნები, ლექსიკონი და საძიებლები); შეკრიბა, რედაქცია გაუკეთა და გამოაქვეყნა ნ. ხიზანაშვილის „რჩეული იურიდიული ნაწერები" (1982). სსრკ V მოწვევის უმაღლესი საბჭოსა და საქ. სსრ III–IV მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

ლიტ.: ისიდორე დოლიძე. ბიობიბლიოგრაფია, შემდგ.: ი. დუდუჩავა, ლ. ქირია, თბ., 1986.