დოლიძე ვლადიმერ ალექსანდრეს ძე (დ. 25. IV. 1932, თბილისი), მეცნიერი ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიის, ხელსაწყოთმშენებლობისა და სენსორების დარგში. pH-მეტრიისა და იონომეტრიის ერთ-ერთი ფუძემდებელი სსრკ-ში. ტექ. მეცნ. დოქტორი (1985), პროფესორი (1989), საქართვ. საინჟ. აკად. ნამდვილი წევრი და მისი პრეზიდიუმის წევრი (1996; წ.-კორ. 1992), საერთაშ. საინჟ. აკად. წევრი (2002). დაამთავრა მოსკოვის დ. ი. მენდელეევის სახ. ქიმიურ-ტექნოლ. ინ-ტი (1956). 1956–93 მუშაობდა თბილისის სამეცნ.- საწარმოო გაერთიანება „ანალიზხელსაწყოში" (1972–93 იყო ამ გაერთიანების გენ. დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში). 1981– 93 იყო სსრკ ხელსაწყოთმშენებლობის სამინისტროს ელექტროქიმ. ხელსაწყოთმშენებლობის მთ. კონსტრუქტორი. 1994-იდან დ. არის სამედ. უნ-ტთან არსებული ექსპერ. და კლინ. მედიცინის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორის მოადგილე, ამავე დროს 1996-იდან – ჟურნალ „Georgian Engineering News" დამაარსებელი და მთ. რედაქტორი. 2006-იდან დღემდე საქართვ. ტექ. უნ-ტის სრული პროფესორია. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. შრომა. მიღებული აქვს ასზე მეტი პატენტი და საავტორო მოწმობა გამოგონებებზე. მინის ელექტროდის თეორიისა და მასალების ელექტროდული თვისებების დარგში ჩატარებულ სამუშაოთა ციკლისათვის, სპეციალისტების ჯგუფთან ერთად, მიენიჭა სსრკ სახელმწ. პრემია (1973); მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1999).
თხზ.: მათემატიკური სტატისტიკის და მეტროლოგიის ელემენტები ქიმიაში თბ., 2002 (თანაავტ.: თ. მანჯგალაძე, ნ. თელია, მ. გვერდწითელი);Electrodes for Potentiometric High-Temperature Determination of pH. Conference on Ion Selective Electrodes, Budapest, 1977.