დოლიძე ვიქტორ ისიდორეს ძე

დოლიძე ვიქტორ ისიდორეს ძე [18(30). VII. 1890, ოზურგეთი, – 24. V. 1933, თბილისი], კომპოზიტორი, ქართული კომიკური ოპერის ფუძემდებელი. სწავლობდა თბილ. კომერც. სასწავლებელში, სადაც ჩამოაყალიბა მემანდოლინეებისა და გიტარისტების ორკესტრი. 1910 თბილისში გამართულ მემანდოლინეთა კონკურსზე დაიმსახურა პირველი პრემია. 1917 დაამთავრა კიევის კომერც. ინ-ტი. პარალელურად სწავლობდა კიევის სამუს. სასწავლებელში ვიოლინოსა და კომპოზიციის კლასში. აქვე მოისმინა მუსიკის თეორ. დისციპლინების კურსი. 1917 საქართველოში დაბრუნდა. დ-ის ნაწარმოებებია: ოპერები – „ქეთო და კოტე" (ა. ცაგარლის „ხანუმას" მიხედვით, 1919 წ., 11. XII), „ლეილა" (ა. ცაგარლის პიესის „ლეკის ქალი გულჯავარის" მიხედვით, 1922), „ცისანა" (ს. ერთაწმინდელის სიუჟეტზე, 1929), „ზამირა" (ოსურ ხალხ. თემებზე, დაუმთავრებელი, 1931); სიმფ. ფანტაზია „ივერიადა" (1925); სიმფონია „აზერბაიჯანი" (1932); საფორტეპიანო კონცერტი (1932): რამდენიმე რომანსი. დაამუშავა სამაჩაბლოში მოგზაურობის დროს (1926) ჩაწერილი ოსური ხალხ. სიმღერები. დ-ის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ოპერა „ქეთო და კოტეს", რ-იც ქართ. კომიკური ოპერის კლასიკური ნიმუშია. 1937 ნაჩვენები იყო მოსკოვში საქართვ. ხელოვნ. და ლიტ-რის I დეკადაზე. სხვადასხვა დროს იდგმებოდა სსრკ არაერთი საოპერო თეატრის სცენაზე, აგრეთვე საზღვარგარეთ – ჩეხოსლოვაკიაში, ბულგარეთში, პოლონეთში. ოპერის წარმატებას დიდად შეუწყო ხელი კომედიურმა სიუჟეტმა, მახვილმა სატირამ და სახოვანებამ, ადვილად დასამახსოვრებელმა მელოდიურმა მუსიკამ. კომპოზიტორს გამოყენებული აქვს ძვ. თბილ. ქალაქური ფოლკლორის ინტონაციები და ყოფითი მუს. ფორმები. ოპერის მუს.-დრამ. კომპოზიციაში ერთმანეთს ენაცვლება დიალოგებით დაკავშირებული მუს. ფორმები (არიები, რომანსები, კუპლეტური სიმღერები). ოპერის მიხედვით შექმნილია კინოფილმი "ქეთო და კოტე" (1947, რეჟ. ვ. ტაბლიაშვილი).

ლიტ.: დ ო ნ ა ძ ე  ლ., ვიქტორ დოლიძე, წგ.: ქართული მუსიკის ისტორია, ტ. 1, თბ., 1990; ფ ი ჩ ხ ა ძ ე  მ., ვიქტორ დოლიძე, თბ., 1991; ჩ ხ ი კ ვ ა ძ ე  გ., საქართველოს საბჭოთა კომპოზიტორები, თბ., 1956; В а ч н а д з е  М. А., Виктор Долидзе, Тб., 1961; К о р е в  С. И., „Кето и Котэ" В. Долидзе, М.– Л., 1951.

გ. ტორაძე