დოლიძე ვალერიან სერგოს ძე (14. V. 1916, ბათუმი, – 14. IV. 1993, თბილისი), მსახიობი. საქართვ. დამს. არტისტი (1959). 1935 დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. თეატრთან არსებული სტუდია, პარალელურად (1931–35) იყო რუსთაველის სახ. თეატრის მსახიობი, 1937–39 – სოხუმის თეატრის მსახიობი, სადაც შეასრულა რომეოს როლი (უ. შექსპირის „რომეო და ჯულიეტა"). აქვე ითამაშა ურიელი (კ. გუცკოვის „ურიეულ აკოსტა"), ფერდინანდი (ფ. შილერის „ვერაგობა და სიყვარული") და სხვ. 1940–59 დ. კვლავ დაუბრუნდა რუსთაველის სახ. თეატრს და შეასრულა შემდეგი როლები: მეფე ლუარსაბი (ს. შანშიაშვილის „გიორგი სააკაძე"), ერეკლე (ა. სუმბათაშვილის „ღალატი"), ოლეკო დუნდიჩი (მ. კაცისა და ა. რჟეშევსკის „ოლეკო დუნდიჩი"), ჯემალი (ი. მოსაშვილის „ჩაძირული ქვები", სსრკ სახელმწ. პრემია, 1951), ელიშუქი (შ. დადიანის „ნაპერწკლიდან"), კასიო, რომეო (უ. შექსპირის „ოტელო", „რომეო და ჯულიეტა"), ერემია (გ. წერეთლის „პირველი ნაბიჯი"), ლევანი (ლ. ქიაჩელის „ტარიელ გოლუა"), კრეონი (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე"), ლეგა (ა. აფხაიძის „არაგველები") და სხვ. 1959-იდან პედ. მოღვაწეობას ეწეოდა. გადაღებულია ფილმებში; შეასრულა შემდეგი როლები: არჩილი („მეგობრობა", 1940), პოეტი („დავით გურამიშვილი", 1946), ილიკო ახატნელი („ქალის ტვირთი", 1957), ბეგლარი („წუთისოფელი", 1971), ფანცხავა („გაქცევა გათენებისას", 1975) და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. მისი შემოქმედება გამოირჩეოდა სცენური კულტურით, მაღალი სამსახიობო ოსტატობით.
ა. გვენცაძე