დოლიძე დავით იაგორის ძე (3. II. 1908, სოფ. ბუკნარი, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, – 9. IX. 1960, თბილისი), მათემატიკოსი და მექანიკოსი, საქართველოში ჰიდროაერომექანიკის დარგის მეცნ. კვლევის ფუძემდებელი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1945), პროფესორი (1945). 1928 დაამთავრა თსუ. 1934–38 იყო თბილ. სატყეო ინ-ტის, ხოლო 1939–47 – საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის მათ. კათედრის გამგე, 1941–45 – საქართვ. მეცნ. აკად. მათ. და საბუნებისმეტყველო მეცნ. განყ-ბის სწავლული მდივანი, 1947–54 – თსუ-ის პრორექტორი სასწავლო ნაწილში, 1949–54 – ტექ. მექან. კათედრის გამგე, 1954–60 – ჰიდროაერომექან. კათედრის გამგე, სწავლობდა ბლანტი სითხის არასტაციონარულ სასაზღვრო ამოცანათა ამონახსნების ეფექტური აგების, არსებობისა და ერთადერთობის საკითხებს. 1960 სახელმძღვანელოს შედგენისათვის „ჰიდროაერომექანიკა" მიენიჭა თბილ. სახელმწ. უნ-ტის ივ. ჯავახიშვილის სახ. პირველი პრემია.
თხზ.: დეფორმად სხეულთა მექანიკის შესავალი, თბ., 1951; თეორიული მექანიკის მოკლე კურსი, თბ., 1956; ჰიდროაერომექანიკა, თბ., 1960; Некоторые вопросы нестационарного течения вязкой жидкости, Тб., 1960.
ლიტ.: შ ა რ ი ქ ა ძ ე ჯ., დავით დოლიძე, თბ., 1978.
ჯ. შარიქაძე