დოლიძე გიორგი ლეონიდეს ძე

გ. დოლიძე

დოლიძე გიორგი (გოგი) ლეონიდეს ძე (5. IX. 1954, თბილისი, – 8. III. 1996, იქვე), მომღერალი, ხალხ. და საესტრადო სიმღერების შემსრულებელი. 1976 დაამთავრა თბილ. ი. ჭავჭავაძის სახ. უცხო ენათა პედ. ინ-ტი. სტუდენტობის წლებში მღეროდა ინ-ტის თვითმოქმედ კოლექტივთან ერთად. 1979–96 მუშაობდა საქართვ. ტელევიზიის ხალხ. შემოქმედების რედაქციაში. როგორც საესტრადო მომღერალი, დ. პოპულარული გახდა 80–90-იან წლებში. ხმის შესანიშნავი ტემბრი, დიდი დიაპაზონი, დახვეწილი ტექნიკა მდიდარ რეპერტუარსა და აქტ. საკონცერტო მოღვაწეობასთან ერთად მისი წარმატების საწინდარი გახდა. იგი ქართვ. კომპოზიტორთა მრავალი ახ. სიმღერის პირველი შემსრულებელი, შესანიშნავი სოლისტი და პარტნიორი იყო. მღეროდა ანსამბლ „ფაზისსა" (1976–83) და „ქართულ ხმებში" (1986-მდე). ნებისმიერ ხმაზე ასრულებდა ნებისმიერი კუთხის სიმღერებს, განსაკუთრებით ძლიერი იყო როგორც შუა ხმის (დამწყები) შემსრულებელი. ესტრადით გატაცებამ ხალხ. სიმღერების მისეულ ინტერპრეტაციას ერთგვარი „თბილისური" იერი შესძინა. დ. ანსამბლებთან ერთად საგასტროლოდ იყო საქართვ. ქალაქებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში (გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია, ინგლისი, ესპანეთი, ბელგია, იტალია, შვეიცარია, ავსტრია და სხვ.). 1999 საქართველოში დასახელებული იყო მამაკაცთა შორის XX ს-ის საუკეთესო საესტრადო მომღერლად. დ-მ გამორჩეული კვალი დატოვა ქართ. საესტრადო მუსიკის ისტორიაში.

ე. გარაყანიძე