დვალი რაფიელ რაფიელის ძე

რ. დვალი

დვალი რაფიელ რაფიელის ძე [22. III (4. IV). 1909, ზესტაფონი, – 8. IX. 1985, თბილისი], მეცნიერი მანქანათმცოდნეობის დარგში. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1955). ტექ. მეცნ. დოქტორი (1948), პროფესორი (1948), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1961). საქართვ. მეცნ. აკად. ვიცე-პრეზიდენტი (1958–72), ქსე-ის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი. დაამთავრა ამიერკავკ. ენერგეტ. ინ-ტის მექან. ფაკ-ტი (1931). იყო საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის ავტომობილების, ტრაქტორებისა და ავტოსატრაქტორო ძრავების კათედრის დამაარსებელი და გამგე (1946–66), ამავე ინ-ტის დირექტორი (1956–58), საქართვ. მეცნ. აკად. მანქანათა მექან. ინ-ტის შექმნის (1960) ერთ-ერთი ინიციატორი და მისი დირექტორი (1962, 1972–85). 1994-იდან ინ-ტი დ-ის სახელობისაა. დ-ის ძირითადი შრომები ეხება ავტომობილისა და ტრაქტორის თეორიას, მანქანების დინამიკის, აგრეთვე მთის ფერდობებზე ტრაქტორის მუშაობისა და სამთო გზებზე ავტომობილის მოძრაობის კვლევის საკითხებს. ავტორია ავტომობილისა და ტრაქტორის თეორიის ქართ. სახელმძღვანელოებისა. მუშაობდა მობილური მანქანების დინამიკის საკითხებზე. მონოგრაფიისათვის „ტრაქტორის თეორია" (1970) მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია (1973). იყო საქ. სსრ VII და VIII მოწვევის უმაღლესი საბჭოს თავ-რე (1963– 71), გდრ-ის მეცნ. აკად. საპატიო წევრი (1971) და დრეზდენის (გერმანია) ტექ. უნ-ტის საპატიო დოქტორი (1972). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: ავტომობილის თეორიის საფუძვლები, თბ., 1973; К вопросу механизации горного земледелия, Тб., 1964; Механическая тяга в горной местности, М., 1970 (თანაავტ. В. Махалдиани).

ლიტ .: მ ა ხ ა ლ დ ი ა ნ ი ვ., გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, «მეცნიერება და ტექნიკა », 1969, № 4; К о р н е е в С. Г., Советские ученые – почетные члены иностранных научных учреждений, М., 1973 (თანაავტ. В. Махалдиани).

ბიბლ.: რაფიელ დვალი. ბიობიბლიოგრაფია. შემდგ.: ნ. ბაღათურია, ი. დუდუჩავა, თბ., 1979.

ვ. მახალდიანი