დვალი მიხეილ თევდორეს ძე [1(14). X. 1900, ქ. დერბენდი, დაღესტანი, – 20. V. 1982, ლენინგრადი (ახლანდ. სანქტ-პეტერბურგი)], გეოლოგი. გეოლ.-მინერალოგიურ მეცნ. დოქტორი (1951), პროფესორი (1951). 1918-იდან მუშაობდა ნავთობის მრეწველობაში. 1926 დაამთავრა გროზნოს ნავთობის უმაღლესი ტექნიკუმი. 1926–30 მუშაობდა გეოლ. კომიტეტში (ლენინგრადი), 1930–73 – ნავთობის საკავშ. სამეცნ.-კვლ. გეოლ.-საძიებო ინ-ტში. იყო II მსოფლიო ომის მონაწილე. იკვლევდა ნავთობის გეოქიმ. და ნავთობის წარმოშობის საკითხებს. მნიშვნელოვანი ნავთობგეოლ. სამუშაოები აქვს ჩატარებული კავკასიაში, ქერჩის ნ.-კ-ზე, თურქმენეთში, დას. ციმბირსა და კამჩატკაზე. სსრკ მეცნ. აკად. ა. კარპინსკის სახ. პრემიის ლაურეატი (1952). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: Геологическое строение и нефтеносность Восточной Камчатки, Л., 1950; Нефтематеринские свиты и принципы их диагностики, Л., 1963; Перспективы поисков нефти и газа на больших глубинах на территории СССР, Л., 1965 (თანაავტ. М. D. Белонин).
ვ. ჯავრიშვილი