დიასამიძე სულეიმან ეიუბის ძე (22. XI. 1893 – 18. III. 1962, თბილისი), საზოგადო მოღვაწე. 1921 დაამთავრა თსუ, 1932 – საქართვ. ინდუსტრ. ინ-ტი. ახალგაზრდობაშივე ჩაება რევ. მოძრაობაში. დაინტერესებული იყო ქართვ. მუჰაჯირების ბედით. ამ მიზნით მოინახულა ტრაპიზონი, სამსუნი, სტამბოლი და სხვა ადგილები. 1918, როცა ოსმ. ჯარმა ბათუმი დაიკავა, დ. სხვა აჭარელ პატრიოტებთან ერთად თბილისში ჩამოვიდა და „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის" მდივანი გახდა. 1921 საქ. კპ აჭარის საოლქო კომიტეტის დავალებით დიდი მუშაობა გასწია ღარიბ გლეხთა კომიტეტების ჩამოსაყალიბებლად, არჩეული იყო ღარიბთა კომიტეტის ცენტრ. ბიუროს შემადგენლობაში. ებრძოდა პანისლამიზმის მიმდევრებს. 1921 მუშაობდა აჭარის ფინანსთა სახალხო კომისრად, 1922–23 – აჭარის სახკომსაბჭოს თავ-რედ, 1929-იდან – მშრომელთა დეპუტატების ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავ-რედ. ამის შემდეგ პედ. მოღვაწეობას ეწეოდა თბილისში. სხვადასხვა დროს არჩეული იყო აჭარის ასსრ, საქ. სსრ და ამიერკავკ. სფსრ ცაკ-ის წევრად.
ლიტ.: ა ხ ვ ლ ე დ ი ა ნ ი ხ., საბჭოთა ხელისუფლების დამყარება აჭარაში (1917–1921 წწ.), ბათ., 1971; მ ი ს ი ვ ე, სამხრეთ საქართველოს განთავისუფლებისათვის მებრძოლნი, ბათ., 1972.