დიასამიძე ვახუშტი XVI ს. შუა წლების სამცხე-საათაბაგოს პოლიტიკური მოღვაწე. მხარს უჭერდა ქართლის მეფის ლუარსაბ I-ის პოლიტიკას. დ-მ თავის ძმასთან, შ. დიასამიძესთან ერთად XVI ს. 30–40-იან წლებში ჯავახეთისა და სამცხის მნიშვნელოვანი პროვინციები ლუარსაბ I-ს დაუმორჩილა, ლუარსაბმა კი იგი ლორის ბატონად დანიშნა. ათაბაგ ქაიხოსრო II-ის წაქეზებით ირან. შაჰმა თამაზ I-მა 1553 მესხეთისა და სამცხე-საათაბაგოს სოფლები და ქალაქები დაარბია, სხვა დიდებულებთან ერთად დ-ც დაატყვევა და სიკვდილით დასაჯა.
წყარო: გორგიჯანიძე ფ., საქართველოს ისტორია, ს. კაკაბაძის გამოც., «საისტორიო მოამბე», 1925, [ტ.] 2; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს.ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
შ. ლომსაძე