დიასამიძე გრიგოლ ნიკოლოზის ძე [25. I (6. II). 1870, სოფ. საქაშეთი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი, – 14. III. 1960, ნიუ-იორკი], მწერალი, იურისტი, პოლიტიკური მოღვაწე. 1881– 88 სწავლობდა თბილ. I ვაჟთა გიმნაზიაში, 1888 ჩაირიცხა ნოვოროსიის (ოდესა) უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტზე. 1892 დაბრუნდა თბილისში. მალე გახდა ნაფიცი მსაჯული. 1894–95 ასწავლიდა ქართ. ენასა და ლიტ-რას ამიერკავკ. ქალთა ინ-ტში. 1901–10 იყო თბილ. სათავადაზნაურო საკრებულოს დეპუტატი, აირჩიეს გორის მაზრის თავადაზნაურებმა. იყო აგრეთვე საქართველოში „წითელი ჯვრის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი მუდმივი წევრი. 1902–04 დააარსა საკრედიტო ამხანაგობანი სოფლებში: ჭრებალოში, საქაშეთსა და ალში, ხოლო 1915 თბილისში – შემნახველი სალარო და მებაღეობა-მევენახეობის ამხანაგობა „ალექსანდროული". თბილისში მას ეკუთვნოდა პირველი ელექტროსაბეჭდი „გუტენბერგი". დ. იყო 1912 ზაფხულში რაჭა-ლეჩხუმში მოწყობილი აკაკი წერეთლის მოგზაურობის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი. მან დიდი ამაგი დასდო ქართ. ჟურნალისტიკას: 1911–15 რედაქტორობდა და გამოსცემდა საკუთარ ყოველკვირეულ გაზეთს „თემი" ა. წერეთლის თანამშრომლობითა და მონაწილეობით. 1917–18 რედაქტორობდა რუს. გაზეთ „რესპუბლიკას", ხოლო 1920 დაიწყო ყოველთვიური კულტ.-პოლიტ. დასურათებული ჟურნალის – „ბრატსტვოს" („ძმობა") გამოცემა (მონაწილეობდნენ ევგ. ლანსერე, ი. შარლემანი, ს. სუდეიკინი; დაიბეჭდა მხოლოდ 2 ნომერი). 1921 წ. 24–25 თებ. ღამეს დ-მ თავის ქალიშვილთან ერთად დატოვა თბილისი და ემიგრაციაში წავიდა. იგი ბერლინში დასახლდა. დააარსა საგამომცემლო საზ-ბა „ნაერ ოსტენი" („ახლო აღმოსავლეთი") გერმ. ენაზე. ცნობილ ქართველოლოგ რიხარდ მეკელაინთან ერთად რედაქტორობდა ყოველთვიურ გერმ. ჟურნ. „მორგენლანდს" (1922). 1936 ბერლინის უნ-ტმა დ. აირჩია აღმ. ევროპის შემსწავლელი ინ-ტის ნამდვილ წევრად. დ. აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნ. „კავკასიაში", რ-იც ქართ. და რუს. ენებზე გამოდიოდა. ეხმარებოდა კ. ბალმონტს ვეფხისტყაოსნის თარგმნაში (რუს. ენაზე გამოიცა პარიზში, პირველად – 1933). 1952 დ. საცხოვრებლად გადავიდა ნიუ-იორკში, სადაც, მიუხედავად ხანდაზმულობისა, არ შეუწყვეტია ლიტ. საქმიანობა. ბეჭდავდა საყურადღებო წერილებსა და მოგონებებს იქაურ ქართ. პრესაში („ჩვენი გზა", „კრებული"), იყო ნიუ-იორკის ქართ. სათვისტომოს საპატიო თავ-რე, „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ამერიკული საბჭოს" გამგეობის წევრი და უხუცესი მრჩეველი. დაკრძალულია ნიუ-იორკის ერთ-ერთი მართლმადიდებელი ეკლესიის ეზოში.
ლიტ.: შ ა რ ა ძ ე გ., გრიგოლ დიასამიძე, წგ.: უცხოეთის ცის ქვეშ, ტ. 2, თბ., 1993, გვ. 186–200.
გ. შარაძე