დომენტი IV

დომენტი IV (ერისკაცობაში – დამიანე ლევანის ძე ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი) (გ. 1741), აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1705–41. მწიგნობარი, ვახტანგ VI-ის ძმა. 1705–08 ვახტანგ VI-თან ერთად მონაწილეობდა კანონების შედგენაში. 1707 ირანის შაჰს ეწვია და დაამტკიცებინა საკათოლიკოსო მამულები, მ. შ. კახეთის ხელისუფალთა მიერ იმჟამად მისაკუთრებული საკათოლიკოსო კახური სამფლობელოებიც. 1710 კახეთის მეფე დავით II-ს (იმამყულიხანი) დააწერინა საკათოლიკოსო მამულების მფლობელობის სიმტკიცის სიგელი. 1712–14 მხარს უჭერდა ირანში მყოფი ვახტანგ VI-ის გამეფებას. ერთ პერიოდში სცადა სამეფო ტახტის დაკავება, მაგრამ არ გაუმართლა. 1723, თბილისში ოსმალების შემოჭრის დროს, გაიხიზნა ლორის ციხეში, იქიდან კი – ქსნის საერისთავოში. თბილ. გამგებელმა იესემ (ალიყული-ხანი) კათოლიკოსად ბესარიონი დანიშნა. დ. IV 1725 ოსმ. სულთანმა სტამბოლში გაიწვია. აქ დაუმტკიცეს საკათოლიკოსო მამულები, მაგრამ სამშობლოში აღარ გამოუშვეს. 1727 დეკ-ში დააპატიმრეს როგორც ოსმალთა ბატონობის მოწინააღმდეგე და სტამბოლის მახლობლად კუნძულზე გადაასახლეს (აქ იგი 1736 დამლევამდე იყო). შემდეგ კვლავ სტამბოლშია. 1737 გარდაიცვალა ბესარიონ კათოლიკოსი. 1739 ნოემბ- ში დ. IV ქართლში დაბრუნდა და კვლავ კათოლიკოსად ჩანს. დ. IV-ის ლიტ.-მწიგნობრული მოღვაწეობა ემსახურებოდა ქართ. კულტურისა და ქრისტიანობის დაცვა-განმტკიცების საქმეს. დ. IV-მ შეკრიბა ქართვ. საერო და საეკლ. მოღვაწეთა ცხოვრება-წამების აღწერილობანი, მ. შ. ზოგიერთი სვინაქსარული სახისა და შეადგინა ქართ. ჰაგიოგრაფიული კრებული (მოღწეულია 1713 გადანაწერი ნუსხით); საეკლ. პრაქტიკისათვის გადააწერინა პარაკლიტონი, ასკეტიკონი და სხვ. ბერძნულიდან ათარგმნინა კურთხევანი და 1719 საკუთარი ხარჯით დააბეჭდვინა თბილისში. შეადგინა "სადღესასწაულოს" ახ. რედაქცია (მოღწეულია 1718 ნუსხით). გადასახლებაში ყოფნისას შეკრიბა ილარიონ ქართველისა და სხვათა საგალობლები, გადააწერინა საეკლ. მამათა თხზულების II ნაწილი. დ. IV-მ საკუთარი ხარჯით შეასრულა მცხეთის სვეტიცხოვლის, თბილ. ანჩისხატის, მეტეხისა და სხვ. ეკლესიების სარემონტო და სამშ. სამუშაოები.

ლიტ. იხ. სტ-თან დ ო მ ე ნ ტ ი III.

ბ. ლომინაძე