დავით II ი მ ა მ ყ უ ლ ი - ხ ა ნ ი

დავით II ი მ ა მ ყ უ ლ ი - ხ ა ნ ი (გ. 1722), კახეთის მეფე 1703– 22, ერეკლე I-ის ძე. დაიბადა და ბავშვობა გაატარა ირანში. 1703-იდან კახეთს განაგებდა როგორც ჯანიშინი (მოადგილე). მისი მმართველობის დროს კახეთში მძვინვარებდა „ლეკიანობა". 1706 ჭარბელაქანში კახელების მარცხიანი ლაშქრობის შემდეგ ლეკებმა ელისენი დაიკავეს და დ. II-მ თავისი რეზიდენცია ყარაღაჯიდან თელავსა და მანავში გადაიტანა (ზაფხულობით მაღაროში იდგა). 1711 ირანში გაემგზავრა და კახეთის მმართველად თავისი ძმა თეიმურაზი და დედა – დედოფალი ანა დატოვა. ამ პერიოდში განსაკუთრებით გაძლიერდა კახეთზე ლეკთა თავდასხმები, ფეოდალთა თვითნებობა, გლეხთა ანტიფეოდ. გამოსვლები (იხ. ბოდბისა და ბოდბისხევის გლეხთა აჯანყებანი 1699, 1711–16). ირანიდან დაბრუნების შემდეგ (1715) დ. II ცდილობდა ქვეყანაში წესრიგის აღდგენას. დაუნათესავდა ქართლის მმართველს იესეს და მისი დახმარებით ცდილობდა ლეკების წინააღმდეგ გალაშქრებას, თუმცა კვლავ დამარცხდა. კახელი ფეოდალები იძულებული გახდნენ ლეკებისათვის ზოგი რამ დაეთმოთ და ქართლსა და აზერბაიჯანში სალაშქრო გზაც მიეცათ. ამავე დროს დაიწყო კახეთის რ-ნებში ლეკების ჩამოსახლება. კახელი გლეხები (განსაკუთრებით გაღმამხარში) მძიმე ფეოდ. ჩაგვრის გამო მასობრივად გადადიოდნენ ლეკების მხარეზე – „ლეკდებოდნენ". ამ მდგომარეობიდან თავის დასაღწევად დ. II ქართლის მეფეს ვახტანგ VI-ს დახმარებას სთხოვდა, მაგრამ მათი ერთობლივი მოქმედება, მიუხედავად ირან. შაჰის მხარდაჭერისა, ვერ მოხერხდა. დ. II კარგად იცნობდა ქართ. მწიგნობრობას. იცოდა სპარს. ენა და ლიტ-რა, მუსლ. ფილოსოფია და კოსმოგრაფია.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.

ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი  ნ., XVIII ს. საქართველოს ისტორიიდან, წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 2, თბ., 1965; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, ტფ., 1973.

ნ. ასათიანი