დავით II

დავით II (გ. XI. 1795), იმერეთის მეფე 1784–89, გიორგი VII-ის ძე, სოლომონ I-ის ბიძაშვილი. ტახტზე ავიდა მსხვილი ფეოდალებისა და კაცია II დადიანის მხარდაჭერით. ამავე დროს ტახტზე პრეტენზიას აცხადებდა სოლომონ I-ის ძმისშვილი დავით არჩილის ძე (შემდგომ სოლომონ II ), რ-იც სოლომონ I-ს ტახტის მემკვიდრედ ჰყავდა გამოცხადებული. 1784 დ. II-მ რუსეთში ელჩები გაგზავნა და იმპერატორს ქვეშევრდომობა სთხოვა. ამით უკმაყოფილო თავადები (პაპუნა წერეთელი, ბერი წულუკიძე და სხვ.) დავით არჩილის ძეს დაუკავშირდნენ და მისი გამეფება მოინდომეს. დ. II-მ მოწინააღმდეგე თავადები გადააყენა და მათ ნაცვლად თავისი ერთგული ხალხი დააწინაურა. ამით ურთიერთობა მათ შორის უფრო გამწვავდა. მოწინააღმდეგე თავადთა პოზიცია გაძლიერდა 1788-იდან, როცა მათ ოდიშის ახ. მთავარი გრიგოლ დადიანიც შეუერთდა. დადიანმა პოლიტ. მიზნით დავით არჩილის ძე თავის დაზე დააქორწინა. მათხოჯის ბრძოლაში (1789) დ. II დამარცხდა და ახალციხის საფაშოში გაიქცა, დავით არჩილის ძე კი მეფედ გამოაცხადეს სოლომონ II-ის სახელით. 1790 დ. II ოსმალლეკთა ჯარით იმერეთში შეიჭრა, სოლომონ II ტახტიდან ჩამოაგდო და თვითონ გამეფდა. სოლომონმა იმავე წელს დაიბრუნა ტახტი. შემდგომ დ. II ერეკლე II-ის შუამდგომლობით იმერეთში დაბრუნდა, საუფლისწულო მამული მიიღო და ერთხანს იქ ცხოვრობდა. 1792 და 1794 ლეკთა ჯარის დახმარებით კვლავ შეეცადა ტახტის დაბრუნებას, მაგრამ დამარცხდა და ისევ ახალციხის საფაშოში გადაიხვეწა (იქვე გარდაიცვალა).

წყარო: დადიანი ნ., ქართველთ ცხოვრება, შ. ბურჯანაძის გამოც., თბ., 1962.

ლიტ.: ბ უ რ ჯ ა ნ ა ძ ე  შ., იმერეთის სამეფოს პოლიტიკური ისტორიისათვის 1784–1789 წწ., «ხელნაწერთა ინ-ტის მოამბე», 1960, ტ. 2; მ ი ს ი ვ ე, იმერეთის სამეფოს საშინაო პოლიტიკა 1789– 1802 წწ., იქვე, 1962, ტ. 4.

ო. სოსელია