დავითაშვილი შალვა გრიგოლის ძე (1. I. 1934, თელავი, – 1. XI. 2011, თბილისი), კომპოზიტორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1983), საქართვ. კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის წევრი (1979- იდან). 1962 დაამთავრა თბილისის სახელმწ. კონსერვატორიის საკომპოზიტორო ფაკ-ტი (ხელმძღვანელი პროფ. ა. მაჭავარიანი). 1961-იდან ეწეოდა პედ. მოღვაწეობას. 1966–68 იყო ახალქალაქის სამუსიკო სკოლის დირექტორი, 1969-იდან – თბილისის II სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი (თეორიული დისციპლინები, კომპოზიცია); 1993–2011 – თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. მუზეუმის დირექტორი.
დ-ის ნაწარმოებებია: 2 ბალეტი –„ვეფხი და მოყმე" (1978, დაიდგა ქუთ. ოპერისა და ბალეტის თეატრში), „ზვიადაური" (1985, დაიდგა იქვე), 2 სიმფონია – „უშბა" (1963, 1991), 3 სიმფონიური პოემა – „ვეფხი და მოყმე" (1960), „9 აპრილი" (1992), „დავით აღმაშენებელი" (1994), კლარნეტისა (4) და ფლეიტის კონცერტები (1981–2001), 3 კანტატა, ვოკალურ-სიმფ. ციკლები ი. ჭავჭავაძისა და ვაჟა-ფშაველას ლექსებზე (1992–95), რომანსები ქართვ. პოეტების ლექსებზე (2002– 08), გუნდები, სიმღერები, მუსიკა სპექტაკლების, დოკუმენტური და თოჯინური ფილმებისათვის და სხვა.
დაჯილდოებულია ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიით (2001). თბილისის საპატიო მოქალაქე (2010).
გ. ტორაძე