დავითაშვილი შალვა გიორგის ძე (27. V. 1916, თბილისი, – 5. VIII. 1995, იქვე), არქიტექტორი. საქართვ. დამს. არქიტექტორი (1967). დაამთავრა საქართვ. ინდუსტრიული ინ-ტი (1941). სხვადასხვა დროს მუშაობდა „საქსახპროექტში", „კომუნპროექტში", საცხოვრ. სახლებისა და საზ. შენობათა თბილ. ზონალურ ტიპობრივი და ექსპერ. დაპროექტების სამეცნ.- კვლ. ინ-ტში, „საქქალაქმშენსახპროექტში" არქიტ. სახელოსნოების ხელმძღვანელად. ნაყოფიერად მუშაობდა ტიპურ პროექტირებაში (პირველი მსხვილბლოკიანი საცხოვრ. სახლები თბილისში – ვ. ბარნოვის, ზ. ფალიაშვილის, მ. კოსტავას ქუჩებზე და სხვ.). ძირითადი ნამუშევრები: კომპოზიტორთა კავშირის შემოქმედებითი სახლი სოხუმში (1966), კინემატოგრაფისტთა და ჟურნალისტთა კავშირების შემოქმედებითი სახლი ბიჭვინთაში (1966; ორივე გ. ჯაბუასთან ერთად), საქართვ. პროფკავშირების სახლი (ყოფ. შრომის სასახლე, ახლანდ. თბილისის მერია) თბილისში (1975; მ. ლორთქიფანიძესა და თ. ნაცვლიშვილთან ერთად), კომპოზიტორთა კავშირის შემოქმედებითი სახლი ბორჯომში (1975; საავტორო ჯ გუფის ხელმძღვ.) და სხვ. დ-ის შემოქმედებისათვის დამახასიათებელი იყო ნაგებობების სადა, მაგრამ მახვილ ფორმათა აქცენტირება, მათი ორგ. ჩაწერა გარემოში, ტრად. ეროვნ. არქიტ. ხერხების ახლებურად გააზრება.
ს. კინწურაშვილი
მ. მაისურაძე