დავითაშვილი მიხეილ დანიელის ძე (15. VI. 1914, ქუთაისი, – 5. IX. 1991, თბილისი), პუბლიცისტი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე. საქართვ. დამს. ჟურნალისტი (1965). ჟურნალისტთა საერთაშ. ასოციაციის წევრი, საქართვ. ჟურნალისტთა კავშირის პრეზიდიუმის წევრი 60-იანი წლებიდან სიცოცხლის ბოლომდე. II მსოფლიო ომის მონაწილე. დაამთავრა თბილ. პედ. ინ-ტის რუს. ენისა და ლიტ-რის ფაკ-ტი (1953). მუშაობდა გაზ. „ზარია ვოსტოკას" სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგედ (1938–60), გაზ. „სოფლის ცხოვრების" რედაქტორად (1960– 85). 1985–88 დ. მუშაობდა სამეცნ.-პოპულარული ჟურნ. "საქართველოს სოფლის მეურნეობის" მთ. რედაქტორად. მის კალამს ეკუთვნის მრავალი წიგნი სოფლის მეურნ. თემაზე, მათ შორის: „საქართველოს გზებსა და სოფლებში", „რეპორტაჟი საქართველოდან", „ოქროს თაროები", "საქართველოს ცის ქვეშ", „ჩაი ჩვენი ქართული" (1967, საკავშირო ჟურნალისტთა კავშირის პრემია). დ-ის წიგნები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ და სლოვაკურ ენებზე. „კონსტანტინე ლესელიძის" მიხედვით კი გადაღებულია დოკუმენტური ტელეფილმი.
დ-ის ინიციატივით თბილისში აშენდა „ჩაის სახლი".
დ. საერთაშ. ჟურნალისტთა ფედერაციამ 1984 დააჯილდოვა ი. ფუჩიკის სახ. მედლით.
ლიტ.: მოგონებები მიხეილ დავითაშვილზე. საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, თბ., 1994; მ ე ფ ი ს ა შ ვ ი ლ ი გ., ი ა კ ო ბ ა შ ვ ი ლ ი ს., საქართველოში მოღვაწე ებრაელები, ქუთ., 1994.