დადიანი ცოტნე შერგილის ძე

„ცოტნე დადიანი". მოქანდაკე ე. ა მ ა შ უ კ ე ლ ი, არქიტექტორი ვ. დ ა ვ ი თ ა ი ა, 1996, ფოთი.

დადიანი ცოტნე შერგილის ძე, საქართველოს დიდგვაროვანი ფეოდალი (XIII ს. I ნახევარი). უმეფობის ხანაში მონღოლებმა დ. რაჭის ერისთავთან ერთად დას. საქართვ. გამგებლად დანიშნეს. მონაწილეობდა კოხტასთავის შეთქმულებაში, რ-ის მიზანი იყო მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყება. მონღოლებმა შეთქმულების მონაწილენი დააპატიმრეს და ანისში მონღოლთა ნოინს მიჰგვარეს. გამოტეხის მიზნით ისინი მცხუნვარე მზეზე დასხეს. დ. შემთხვევით გადაურჩა დაპატიმრებას (აჯანყებისათვის ჯარს აგროვებდა დას. საქართველოში). ჟამთააღმწერლის ცნობით, როდესაც დ-მა შეთქმულების მონაწილეთა ამბავი შეიტყო, ანისში ჩავიდა და ნებაყოფლობით გაიზიარა თანამოძმეთა ხვედრი. დ-ის გმირულმა საქციელმა მონღოლთა ნოინი დაარწმუნა ქართველთა სიმართლეში და ყველა გაათავისუფლა. დ. საქართვ. ისტორიაში შევიდა როგორც თანამოძმეთათვის თავდადების სიმბოლო. დ., სავარაუდოდ, გამოსახულია ხობის ეკლესიის უძველეს ფრესკაზე. 1999 ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა. ხსენების დღეა 30 ივლისი (12 აგვისტო).

ლიტ. იხ. სტ-თან დ ა დ ი ა ნ ე ბ ი.

თ. ბერაძე