დადიანი შალვა ნიკოლოზის ძე

შ. დადიანი

დადიანი შალვა ნიკოლოზის ძე [9 (21). V. 1874, ყვირილა, ახლანდ. ზესტაფონი, – 15. III. 1959, თბილისი], მწერალი, დრამატურგი, პუბლიცისტი, თეატრ. და საზ. მოღვაწე, მსახიობი, რეჟისორი, საქართვ. სახ. არტისტი (1923). დაიბადა სამეგრელოს მთავრის შთამომავლის, ცნობილი მწერლისა და საზ. მოღვაწის, ნიკოლოზ დადიანის ოჯახში. დედა – ლიდა წულუკიძე – განთქმული იყო მწიგნობრობით. ბავშვი არ გაუძიძავებიათ, იზრდებოდა ოჯახში. დედით ადრე დაობლებულს განათლება მიაღებინეს მამამ და შინ მოწვეულმა მასწავლებლებმა. სკოლაში არ მიუბარებიათ, რადგან, მამამისის რწმენით, იქ რუსიფიკატორული და ჩინოვნიკური რეჟიმი სუფევდა. ნ. დადიანს ახლო ურთიერთობა ჰქონდა გამოჩენილ ქართვ. მწერლებსა და ეროვნ. მოღვაწეებთან. მის ოჯახში მსჯელობდნენ ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე, მის აწმყოსა და მომავალზე, ეროვნ.-განმათ. მოძრაობაზე, განმანათლებლურ იდეებზე. ასეთ ვითარებაში იზრდებოდა და ყალიბდებოდა მომავალი მწერალი. 1888–92 საკუთარ ხელნაწერ ჟურნ. „მოზარდს" რედაქტორობდა. ხშირად სტატიების ავტორიც თვითონვე იყო (გამოვიდა 80-მდე ნომერი).

დ-ის თეატრ. დებიუტი შედგა ქუთაისში 1893, როდესაც კ. მესხის მიწვევით სპექტაკლ „მარგარიტა გოტიეში" „ქუჯის" ფსევდონიმით გრაფ დე ჟირეს ეპიზოდური როლი შეასრულა; ქუთ. თეატრში დ. ინტენსიურად თანამშრომლობდა ვ. ს. ალექსი-მესხიშვილთან, რ-მაც 1898 თბილისში საგასტროლოდ პარტნიორად წამოიყვანა. 1903 დ. მოსკოვში წავიდა; სასკოლო განათლების საბუთის უქონლობის გამო, უნ-ტში არ დაუშვეს და თეატრ. ცხოვრებას დაეწაფა. წერდა რეცენზიებს სპექტაკლებზე, წერილებს თეატრ. ხელოვნებაზე და აგზავნიდა საქართველოში. 1905 თბილისში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო ვ. გუნიას დასში. 1907 ვ. ალექსი-მესხიშვილთან ერთად სათავეში ჩაუდგა ქუთ. თეატრს, წარმატებით დადგა სპექტაკლები „სამშობლო" და „როს ნადიმობდნენ". 1908 შექმნა „მოგზაური დასი", რ-ის საბაზო ქალაქი ბათუმი იყო. დასმა შემოიარა მთელი საქართველო, სპექტაკლები დადგეს აგრეთვე ბაქოსა და ნოვოროსიისკში. აქტიორული მოღვაწეობის 30 წლის განმავლობაში დ-მა 300-მდე როლი შეასრულა, რ-თაგან აღსანიშნავია ოთარ-ბეგი და სოლეიმან-ხანი („ღალატი"), შაჰაბასი („ქეთევან წამებული"), სვიმონ ლიონიძე („სამშობლო"), კარლ მოორი („ყაჩაღები"), მსახიობი („ფსკერზე") და სხვ. დ-მა 1892 „ქუჯის" ფსევდონიმით გამოაქვეყნა ლექსების პირველი კრებული „ნაპერწკალი", 1896 გაზ. „ივერიაში" დაიბეჭდა პირველი მოთხრობა „წმინდა ცრემლები". აქედან დაიწყო მისი ლიტ. მოღვაწეობა. იგი აგრძელებდა ქართ. კლასიკური მწერლობის მდიდარ რეალისტურ ტრადიციებს, ეხმაურებოდა ეროვნ.- განმათ. მოძრაობის მოწოდებებს დემოკრატიზმისა და ჰუმანიზმის დასამკვიდრებლად. პირველი დრამ. ნაწარმოები „მღვიმეში" დაწერა 1905, შემდეგი – „როს ნადიმობდნენ" 1906, რ-იც 1907 დაიდგა ქუთ. თეატრში, მაგრამ მეორე დღესვე აიკრძალა. პიესა გამოქვეყნდა 1909 გაზ. „ფონში", ცალკე წიგნად კი გამოვიდა ბათუმში 1912 და ამავე წელს დაიდგა ბათუმის თეატრში. ორივე პიესა იმ დროის რევ. ყოფითაა შთაგონებული, აზრი გამოხატულია ალეგორიული და ფანტასტიკური ფორმით. პოლიციამ „როს ნადიმობდნენ" ანტისახელმწიფოებრივ პიესად ცნო და ავტორის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, მაგრამ ამნისტიამ მოუსწრო და დ. სასჯელს გადაურჩა. 1913 დაწერა კომედია „შენი ჭირიმე", 1915– 16 – ისტ. დრამები: „გეგეჭკორი" და „ვარამი", 1917 – „გუშინდელნი", რ-იც ქართ. კლასიკურ კომედიადაა აღიარებული და ისტორიულად განწირული წოდების ცხოვრებას ასახავს. 1972 "გუშინდელნი" ახლებური ინტერპრეტაციით დაიდგა შოთა რუსთაველის თეატრის სცენაზე (რეჟ. რ.სტურუა და თ.ჩხეიძე ). 1928 კ. მარჯანიშვილის დაკვეთით დაწერა კომედია „კაკალ გულში", რ-იც მაშინვე დაიდგა. კომედიაში მხილებულია საბჭ. სახელმწ. აპარატში გამეფებული ბიუროკრატიზმი და მლიქვნელობა. ამგვარი მძაფრი სატირული ხედვის პიესის დაწერა და დადგმა კომუნისტური რეჟიმის დროს გაბედული და სახიფათო ნაბიჯი იყო. საბჭ. დრამატურგიაში ტრაგედიის ჟანრის აღორძინების ერთ-ერთი პირველი მცდელობა იყო დ-ის პიესა „თეთნულდი" (1931), რ-ის შექმნის იმპულსი გამოჩენილი ქართვ. მთამსვლელების (ს. ჯაფარიძე, პ. დვალი) თეთნულდზე დაღუპვა გახდა, თუმცა პიესაში სულ სხვა, ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული ყოფითი, ზნეობრივი და მოქალაქეობრივი სამყაროს დაპირისპირებაა აღწერილი. „თეთნულდი" 1932 ს. ახმეტელმა დადგა შოთა რუსთაველის სახ. თეატრში. დ-ის პიესებიდან აღსანიშნავია რევოლუციურ თემაზე შექმნილი „ნაპერწკლიდან" (1937). მასვე ეკუთვნის გადმოკეთებული და ინსცენირებული 30 პიესა, რ-თაგან გამოირჩევა „ჩატეხილი ხიდი" და „ნინოშვილის გურია".

მრავალფეროვანია დ-ის პროზაული მემკვიდრეობა. თავიდან წერდა მინიატიურებსა და მცირე ზომის მოთხრობებს ყოფით და რევ. თემებზე. პირველი დიდი პროზაული ნაწარმოები „უბედური რუსი" (საბჭ. ცენზურის მოთხოვნით სათაური შეიცვალა და დაერქვა „გიორგი რუსი") შედარებით გვიან, 1916–24 დაწერა. თამარ მეფის ეპოქის ამსახველი ეს ნაწარმოები ფაქტობრივად საბჭ. პერიოდის ქართ. მწერლობის პირველი ისტ. რომანია. წარსულის ღრმად გააზრებისა და მაღალმხატვრული წარმოსახვის წყალობით ავტორს ამ რომანმა დიდად გაუთქვა სახელი. მწერალს ჩაფიქრებული ჰქონდა შეექმნა ეპიკური ტილო, ტრილოგია „მენჯი რობუ", XIX–XX სს. მიჯნისა და რევოლუციების ეპოქის საქართველოს ისტ. ყოფის ამსახველი თხზულება. დასრულებული სახით ტრილოგიის მხოლოდ პირველი წიგნი – „გვირგვილიანების ოჯახი" გამოქვეყნდა 1954. დაუმთავრებელი დარჩა ისტ. რომანი „ურდუმი", რ-ის თემა იყო სამეგრელოს 1857 აჯანყება. ნაწყვეტები იბეჭდებოდა ჟურნ. „მნათობში" (1945–47). სიცოცხლის უკანასკნელ წლებში დაწერა მდიდარი მასალის შემცველი მოგონებათა წიგნი „რაც გამახსენდა", რ-ის ცალკეული თავები ჟურნ. „ცისკარში" (1958– 59) დაიბეჭდა, 1959 კი მთლიანად გამოიცა ცალკე წიგნად. 1950–54 გამოვიდა დ-ის ლიტ.-კრიტ. და პუბლიც. წერილების ორი ტომი. მისივე დაწერილია ფილმ „არსენა ჯორჯიაშვილის" სცენარი და ოპერა „პატარა კახის" ლიბრეტო. თარგმნილი აქვს უ. შექსპირის, ფ. შილერის, ჯ. ბაირონის, გ. ჰაუპტმანისა და სხვათა თხზულებები.

დ. არაერთი საზ.-ეროვნ. საქმის მოთავე იყო. 1913 მისი თაოსნობით ბათუმში დაარსდა ქართ. დრამ. საზ-ბა. 1914 მისივე ინიციატივით ჩატარდა სცენის მოღვაწეთა პირველი ყრილობა (საპატიო თავმჯდომარე – ა. წერეთელი, მდივანი – დ.). დ. იყო ქართვ. მსახიობთა კავშირის (დაარსდა 1917) პირველი თავ-რე, საქართვ. ხელოვნ. მთ. სამმართველოს უფროსი (1928), მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის მუდმივი წევრი, თეატრ. საზ-ბის თავმჯდომარე (1950–59).

დ-ს მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. დაკრძალულია ქართვ. მწერალთა და საზ. მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

თხზ.: პიესები, ტ. 1– 2, ტფ., 1923– 34; რჩეული თხზულებანი, ტ. 1–5, თბ., 1958–62; უბედური რუსი, თბ., 2010.

ლიტ.: ბ უ რ თ ი კ ა შ ვ ი ლ ი  ა., შალვა დადიანი, თბ., 1952; ც ი ც ი შ ვ ი ლ ი  გ., შალვა დადიანი. ცხოვრება და შემოქმედება, თბ., 1974; შალვა დადიანი და ქართული კინო, თბ., 1974.

შალვა დადიანი, ჩემი ავტობიოგრაფია, კითხულობს ავტორი:

https://www.youtube.com/watch?v=K0XjyBc_gq0&list=PLue6znsWBAfdUX4MSh1O4SH3xSo-2Brix&index=161

 

გ. გვერდწითელი