დადიანი სოფიო ალექსანდრეს ასული

დადიანი სოფიო ალექსანდრეს ასული (ქალიშვილობის გვარი – ბაგრატიონი) (1693–1747), ალექსანდრე ბატონიშვილის (არჩილის ძის) ასული, არჩილ II-ის შვილიშვილი. ცხოვრობდა მოსკოვის ქართ. კოლონიაში. 1715 ცოლად გაჰყვა სამეგრელოს მთავრის ლევან IV-ის ვაჟს გიორგი (ეგორ) დადიანს. დ-მა მეუღლესთან ერთად აღზარდა გამოჩენილი რუსი არქიტექტორი პ. ე. ეგოროვი. 1740 მემკვიდრეობით მიიღო მამიდამისის, დარეჯანის საკუთრებაში არსებული სოფლებისა და ვოტჩინების წილი ნიჟეგოროდის გუბერნიაში (ვახტანგ VI-ის ვაჟებთან, ბაქარ და გიორგი ბატონიშვილებთან თანაზიარობით). ამ ფაქტით საბოლოოდ გაერთიანდა არჩილ II-ისა და ვახტანგ VI-ის დროინდელი მოსკოვის ორი ქართული ახალშენი (ვსეხსვიატსკოე და პრესნია).

ლიტ.: ს ი ხ ა რ უ ლ ი ძ ე  ფ., მოსკოვის ქართული ახალშენის ისტორიიდან, თბ., 1991; В а т е и ш в и л и  Д. Л., Грузия и европейские страны, т. 3, кн. 2, М., 2006.

გ. ლორთქიფანიძე