დადიანი სიმონ (პეტრე) ნიკოლოზის ძე

ს. ნ. დ ა დ ი ა ნ ი  „მჯდომარე ქალი". 1953. პარიზი

დადიანი სიმონ (პეტრე) ნიკოლოზის ძე (23. VII. 1916, სოფ. წირქოლი, ახლანდ. ჭიათურის მუნიციპალიტეტი, – 2. III. 1975, სან-ფრანცისკო, აშშ), მოქანდაკე, ფერმწერი, გრაფიკოსი. 1919 მისი ოჯახი გადასახლდა პარიზში, სადაც დ-მა 1940-მდე დაყო. შემდეგ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა სან-ფრანცისკოში. სამხატვრო განათლება მიიღო თავდაპირველად პარიზში, შემდეგ – სან-ფრანცისკოში. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. შემოქმედების პირველ პერიოდში მუშაობდა როგორც რეალისტი მხატვარი. განსაკუთრებული აღიარება ხვდა წილად მის აბსტრ. ქანდაკებას „შავი ტორსი" (ნიუ-იორკი, 1952). დ-ის ნამუშევრები ხშირად იყო ექსპონირებული ამერ. ქალაქების გამოფენებზე. სხვა ნამუშევართაგან აღსანიშნავია: ქანდაკებებიდან – „ტორსი" (1953), „მჯდომარე ქალი" (1953); ფერწერიდან – „ადამი და ევა" (1955); გრაფიკიდან – „ლურჯწვერა" (1952), „გუთური ნანგრევები" (1956); დ-ს არასდროს გაუწყვეტია ურთიერთობა სამშობლოსთან. მისი ძირითადი ნამუშევრები ინახება პარიზში, მხატვრის დის, ქეთევან დადიანის ოჯახში.

გ. მასხარაშვილი