დადიანი სამსონ პლატონის ძე (1885, სოფ. მუხური, ახლანდ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, – 1937, თბილისი), პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, კრიტიკოსი, დრამატურგი. დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და პეტერბურგის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტი (1908). XX ს. 10-იანი წლებიდან იმდროინდელ პრესაში (გაზ. „ივერია", „სახალხო გაზეთი", „განათლება", „ზაკავკაზიე") იბეჭდებოდა მისი წერილები ქართ. ლიტ-რისა და ხელოვნების საკითხებზე. მათგან აღსანიშნავია: „ვეფხისტყაოსნის ორიგინალობის შესახებ", „საზოგადოებრივი აზრი XIX საუკუნის სიტყვაკაზმულ მწერლობაში", „აკაკი – ცისა და მიწის შვილი", „სოციალური იდეა ილია ჭავჭავაძის პოეტურ თხზულებებში", „ქართული თეატრი" და სხვ. მასვე ეკუთვნის 1905 რევოლუციისადმი მიძღვნილი დრამა „ჯვარედინ გზაზე" და ისტ. დრამა „გიორგი სააკაძე". 1914-იდან დ. იყო საქართვ. სოც.-ფედერალისტთა პარტიის, ხოლო 1921– 26 მემარჯვ. ფედერალისტთა არალეგ. ორგანიზაციის აქტ. წევრი. 1918 წ. 26 მაისს საქართვ. ეროვნ. საბჭოს საგანგებო სხდომაზე ხელი მოაწერა საქართვ. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. 1919–21 იყო საქართვ. დემოკრ. რესპ. დამფუძნებელი კრების წევრი. ბოლშევიკური რუს. მიერ საქართვ. ანექსიის (1921, თებ.-მარტი) შემდეგ აქტიურად ჩაება ეროვნ.-განმათ. მოძრაობაში. 1922–24 იყო საქართვ. ანტისაბჭ. ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტის (იგივე დამოუკიდებლობის კომიტეტის) წევრი სოციალ-ფედერალისტთა პარტიიდან. აქტიურად მონაწილეობდა 1924 ეროვნ. აჯანყების მომზადებაში. 1922–37 არჩეული იყო საქ. სსრ დამცველთა (ადვოკატთა) კოლეგიის წევრად. მუშაობდა ბანკის იურისკონსულტად. ეროვნ. ხასიათის წერილებს აქვეყნებდა ქართ. პერიოდულ პრესაში. ემსხვერპლა 1937 რეპრესიებს.
ლიტ.: აჯანყება – 1924. საქმე საქართველოს ანტისაბჭოთა პარტიების პარიტეტული კომიტეტის შესახებ (საბრალდებო დასკვნა), თბ., 1994 (პირველად გამოიცა თბილისში, 1925 წ.).
ვ. სიდამონიძე
ლ. ურუშაძე