დადიანი ნინო (ცინუკი) დავითის ასული

ნ. დადიანი

დადიანი ნინო (ცინუკი) დავითის ასული (13. V. 1916, თბილისი, – 11. XI. 1993, იქვე), ესტრადის მომღერალი. საქართვ. დამს. არტისტი (1975), ექიმი. 1950 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი. 1951-იდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა თბილ. ექიმთა დახელოვნების ინ-ტში. ვოკალურ ხელოვნებას დაეუფლა მოსკ. კონსერვატორიაში (პედაგოგი მ. პეტროვა). 1961-იდან იყო თბილ. ფილარმონიის სოლისტი. მდიდარი იყო მისი საკონცერტო რეპერტუარი. ასრულებდა ქალაქურ (ძვ. თბილისურ) სიმღერებს, რ-თაგან განსაკუთრებით გამოირჩეოდა: „გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო", „სიონში შევალ", „ჩემი აღმართი", „შენ რომ დამტოვე" (იეთიმ გურჯის, ი. გრიშაშვილისა და სხვათა ლექსებზე), აგრეთვე „მაგნოლია" (ლექსი ა. კალანდაძისა, მუსიკა საკუთარი). სიმღერებს ასრულებდა დუდუკების თანხლებით. გამოდიოდა დასტებთან (ქსოვრელები და სხვ.) ერთად. განსაკუთრებით პოპულარული იყო XX ს. 60–90- იანი წლების თბილისში.