დადიანი ნიკოლოზ ტარიელის ძე

დადიანი ნიკოლოზ ტარიელის ძე [1 (13). X. 1844, სოფ. სვირი, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, – 12 (24). X. 1896, სოფ. აგაიმანი, ყოფ. ტავრიდის გუბ., დასაფლავებულია სოფ. ბერთემში (ბეთლემი), ახლანდ. სენაკის მუნიციპალიტეტი], მწერალი, მთარგმნელი. შ. დადიანის მამა. მისი ლექსები, წერილები და თარგმანები იბეჭდებოდა XIX ს. 60–90-იანი წწ. ქართ. ჟურნალ-გაზეთებში („დროება", „ივერია", „კვალი", „მოამბე", „მეურნე", „საქართველოს კალენდარი" და სხვ.). იზიარებდა „თერგდალეულების" ლიტ.-ესთეტ. შეხედულებებს. 1881 გ. ორბელიანთან, ი. ჭავჭავაძესთან, ი. მაჩაბელსა და სხვებთან ერთად ვეფხისტყაოსნის ტექსტის დამდგენი პირველი კომისიის წევრი იყო. დ-ის პოეტურ „არჩილურ შვიდთავში" (გამოვიდა სათაურით „საამდროვო გამოცანები", 1897) დახასიათებული არიან (ლექსად) XIX ს. ქართვ. მწერლები და საზ. მოღვაწეები. იგი ავტორია ბელეტრისტული, დრამ. და ისტ. თხზულებებისა, წერდა წერილებს სოფ. მეურნ., ჭიათურის მადნის მოპოვების, ქუთ. ბანკის მუშაობის, სამეგრელოს სკოლებისა და მეგრული ენის შესახებ. თარგმნა შექსპირის პიესები, ჟ. მ. ერედიას, თ. სოლოგუბისა და სხვ. ნაწარმოებები. წერილებსა და ლექსებს აქვეყნებდა ხან ინიციალებით („ნ. დ."), ხან ფსევდონიმებით („ნიკო მეგრი", „მეგრელი", „მეგრელი ნ. დ.").

ლიტ.: დ ა დ ი ა ნ ი  შ., რაც გამახსენდა, თბ., 1959; ც ა ი შ ვ ი ლ ი  სოლ., ნიკოლოზ დადიანის ლიტერატურული მემკვიდრეობა, თბ., 1948.

ს. ხუციშვილი