დადიანი კონსტანტინე ლევანის ძე

დადიანი კონსტანტინე ლევანის ძე (18. X. 1819, ზუგდიდი, – 25. IV. 1889, იქვე), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1887). 1839 დაამთავრა პეტერბურგის პაჟთა კორპუსი. 1842–53 მონაწილეობდა კავკ. ომებში, ძირითადად ჩაჩნეთში. ყირიმის ომის (1853–56) დროს მეთაურობდა კავკ. ფრონტზე ოსმალთა წინააღმდეგ მებრძოლ სამეგრელოს მილიციას. 1854 სოფ. კოკთან (ახლანდ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) გამართულ ბრძოლაში მოიგერია ოსმალთა კორპუსის შეტევა. ყარსის აღების შემდეგ დ. თავისი მილიციით გურიის რაზმის შემადგენლობაში შევიდა და წარმატებით იბრძოდა ოსმალთა წინააღმდეგ. 1858-იდან იმპ. ალექსანდრე II-ის ფლიგელ-ადიუტანტია, 1866- იდან – გენ.-მაიორი. რუს.-ოსმ. ომის (1877–78) დროს იყო მოქმედ არმიაში კავკ. შავი ზღვის სანაპიროზე. ამ ომის შემდეგ მალე თადარიგში გავიდა. დაჯილდოებულია წმ. გიორგის, თეთრი არწივის, წმ. ანას, წმ. ვლადიმირის, წმ. ალექსანდრე ნეველისა და წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.

ლიტ.: მ ე უ ნ ა რ გ ი ა  ი., სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი პერიოდი და დავით დადიანი, თბ., 1939.

მ. გოგიტიძე