დადიანი დიმიტრი ელიზბარის ძე

დადიანი დიმიტრი ელიზბარის ძე (დ. წ. უცნობია – 16. VII. 1895, ოდესა), ჟურნალისტი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. ქუთ. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ შევიდა ოდესის უნ-ტში, რ-იც არ დაუმთავრებია. საფუძვლიანი აგრონ. განათლება მიიღო საფრანგეთში (მონპელიე, პარიზი). საზღვარგარეთიდან დაბრუნებული ერთხანს ელიზავეტპოლის გუბერნიაში მსახურობდა საგანგებო მინდობილობათა მოხელედ. შემდეგ ქუთაისში დამკვიდრდა და იქ ნაყოფიერ ჟურნალისტურ, საზ. მოღვაწეობას შეუდგა: 1881–83 იყო გაზ. „შრომის" რედაქტორი; ქართ. და რუს. პრესაში („დროება ", „შრომა", „ივერია ", „ნოვოე ობოზრენიე"...) აქვეყნებდა სხვადასხვა ხასიათის პუბლიც. თხზულებებს. დ-ის შეხედულებით, ქართვ. ხალხის საერთო-ეროვნ. თვითშეგნების გამთლიანება-აღორძინებისთვის აუცილებელი იყო საზოგადოებრიობის ყველა ფენის კონსოლიდაცია ეროვნ. იდეოლოგიის გარშემო, ეკონ. დაწინაურება და კულტ.- საგანმან. პროცესების პერმანენტული განვითარება. 1884–90 დ. განაგებდა ქუთ. სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკს. თავიდან მომხრე იყო თბილ. და ქუთ. სათავადაზნაურო ბანკების შეერთებისა, რაზეც გამოქვეყნებული აქვს სპეც. წერილი „მუდამ ცალ-ცალკე თუ ერთად" („დროება", 1875, №44). სიცოცხლის ბოლო წლებში დ. იყო სენაკის მაზრის თავადაზნაურობის დეპუტატი. 1895 ტუბერკულოზით დაავადებული დ. სამკურნალოდ ავსტრიაში გაემგზავრა, მაგრამ გზაში (ოდესაში) გარდაიცვალა. დაკრძალულია სენაკში.

ლიტ.: ლ ა ლ ი [გიორგი ლასხიშვილი], «ივერია», 1895, 27 ივლისი, №159; ტ ა ბ ი ძ ე  ნ., ნარკვევები ქართული ჟურნალისტიკის ისტორიიდან, თბ., 1968; მ ი ს ი ვ ე, ეტიუდები, თბ., 1986.

თ. ჯოლოგუა