დადიანი გრიგოლ ლევანის ძე

გ. დადიანი (კოლხიდელი)

დადიანი გრიგოლ ლევანის ძე (ლიტ. ფსევდონიმი – კ ო ლ ხ ი დ ე ლ ი) [6 (18). X. 1814, ზუგდიდი, – 6 (19). I. 1902, ქუთაისი], პოეტი, საზოგადო მოღვაწე. სამეგრელოს მთავრის ლევან V-ის ძე. რუს. იმპერიის არმიის ინფანტერიის გენერალი (1883). 1828-იდან სწავლობდა პეტერბურგის პაჟთა კორპუსში. 1834-იდან იქვე მსახურობდა. 1844 პოლკოვნიკი გახდა. 1845 სამეგრელოში დაბრუნდა. ყირიმის ომის (1853–56) დროს ოსმალთა წინააღმდეგ მებრძოლ რაზმს მეთაურობდა კავკ. ფრონტზე. 1854 მიენიჭა გენ.-მ-ის წოდება. ომის შემდეგ დაინიშნა გრენადერთა დივიზიის პირველი ბრიგადის მეთაურად. იბრძოდა შამილის წინააღმდეგ. რუს.-ოსმ. ომში (1853–56) მონაწილეობისათვის მიიღო გენ.-ლეიტენანტის (1860), ხოლო 1880, სამხ. სამსახურის 50-ე წლისთავზე, გენ.-ადიუტანტის წოდებები. დ-ს ეკუთვნის ისტ. პოემა „რუხის ბრძოლა" (1836), რ-შიც აღწერილია იმერეთ-გურია-ოდიშის ერთობლივი ბრძოლა ოსმალთა და კავკ. მთიელ მომხდურთა წინააღმდეგ. ავტორია პატრ. ლექსებისა. თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებთან („ცისკარი", „ივერია" და სხვ.); „კოლხიდელის" გარდა, ზოგჯერ სხვა ფსევდონიმებითაც წერდა („იოანე გეგეჭკორი", „მეგრელი", „კ", „გ. დ." და სხვ.). წვლილი მიუძღვის ი. ბარტდინსკის მიერ „ვეფხისტყაოსნის" რუსულად თარგმნაში. თავისი ქონება და ბ-კა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზ-ბას უანდერძა.

თხზ.: ლექსთა კრება კოლხიდელისა, ქუთ., 1901.

ლიტ.: მ ე უ ნ ა რ გ ი ა  ი., ქართველი მწერლები, სოლ. ცაიშვილის გამოც., [ტ.] 1, თბ., 1954; ც ა ი შ ვ ი ლ ი  სოლ., ლიტერატურული ნარკვევები, თბ., 1962.

ს. ცაიშვილი