დადიანი ანდრია დავითის ძე

ა. დ. დადიანი

დადიანი ანდრია დავითის ძე (24. X. 1850, ზუგდიდი, – 13. VI. 1910, კიევი), მოჭადრაკე და ჭადრაკის მეცენატი. ეკატერინე ჭავჭავაძისა და სამეგრელოს მთავრის დავით დადიანის შვილი. 1873 დაამთავრა ჰაიდელბერგის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტი. 1874-იდან მსახურობდა რუს. არმიაში. ჰქონდა გენერლის ჩინი. თამაშობდა ცნობილ მოჭადრაკეებთან პარიზში, რომში, კიევში, თბილისში (ს. როზენტალი, ს. დიუბუა, ი. შუმოვი, ი. კოლიში და სხვ.). 1881–82 მონაწილეობდა პეტერბურგის საჭადრაკო კლუბის მიერ გამართულ მოყვარულთა ორ ტურნირში და ორივეჯერ I ადგილი დაიკავა. 1899 მიიწვიეს სრულიად რუს. I ჩემპიონატში, რ-შიც მონაწილეობა არ მიუღია. 1903–04 იყო მონტე-კარლოს საერთაშ. ტურნირების პრეზიდენტი. თანამშრომლობდა იმდროინდელ უცხ. და რუს. საჭადრაკო ჟურნალებთან, აწესებდა პრიზებს ლამაზი პარტიებისათვის. ინგლ. საჭადრაკო ჟურნალმა „ჩესს მანსლიმ" ("The Chess Monthly") 1892 ივნ.-ივლ. ნომერი მთლიანად დ-ის შემოქმედებას მიუძღვნა. 1903 ე. შიფერსის წინასიტყვაობით კიევში ფრანგ. ენაზე გამოიცა დ-ის 100 პარტიის დაბოლოება ("Fins de Partie du Prince Dadian de Mingrélie").

ლიტ.: გ ი ო რ გ ა ძ ე  თ., თამაშობს ანდრია დადიანი, თბ., 1972; მ ი ს ი ვ ე, რაინდული სულის მოჭადრაკე, თბ., 2004.

თ. გიორგაძე